ახალი ამბები

ქუთაისელი მწერალი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს [Video]

4 ივნისი, 2012 • 1045
ქუთაისელი მწერალი ამბობს, რომ  პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს [Video]

„დღეს დილით ბიბლიოთეკის დირექტორმა გამომიცხადა, რომ გათავისუფლებული ვარ ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან. მე ვკითხე, თუ რა იყო ამის მიზეზი და მან მითხრა, რომ მოხდა ოპტიმიზაცია, რის გამოც,  ჩემ გარდა, კიდევ 2 თანამშრომელი გათავისუფლდა. აბსოლუტურად  დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, რადგან მე ღიად გამოვხატავდი ჩემს მხარდაჭერას  „ქართული ოცნებისადმი“ და, ზოგადად, ღიად გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას ძალიან ბევრი უსამართლო ფაქტისადმი,“ – აცხადებს ცირა ყურაშვილი.

 

კოალიცია “ქართული ოცნებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნატო ქათამაძე ამბობს, რომ 1 თვის წინ ცირა ყურაშვილმა ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში “ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვედრა მოაწყო:

 

“შეხვედრა შედგა იმ უბანში, სადაც “ნაციონალებს” საარჩევნო ხმების ყულაბა აქვთ და ვერ აიტანეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამდენი მხარდამჭერი. ცირა ყურაშვილის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა ავტოქარხანაში და სწორედ ეს გახდა მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ მისი უფლებებისთვის,“ – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

 

პოლიტიკურ მოტივაციას კატეგორიულად გამორიცხავს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ ჩოგოვაძე:

 

„მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი, შეერთდა 2 განყოფილება და, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან. როგორც ცირაზე, დანარჩენებზეც ისევე ვწუხვარ. სულ 3 ადამიანი გათავისუფლდა. მომავალში გათავისუფლდება თუ არა კიდევ ვინმე, ჯერ ამას ვერ ვიტყვი, რადგან ყველა განყოფილება უნდა დამუშავდეს, ყველა განყოფილება უნდა შევისწავლოთ. მიმდინარეობს კვლავ ოპტიმიზაცია,“ – აცხადებს ჩოგოვაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის რეკომენდაციით მიმართა ადმინსტრაციულ ორგანოებს და მათთვის დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, ასევე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს – “საარჩევო პროცესის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე  დაგეგმილი ან შესაძლო ოტპიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი