ახალი ამბები

რუბინი: ვერ ვიტყვი, რომ ირანის თემა იქნება წამყვანი კლინტონის კავკასიური ტურნის დროს

4 ივნისი, 2012 •
რუბინი: ვერ ვიტყვი, რომ ირანის თემა იქნება წამყვანი კლინტონის კავკასიური ტურნის დროს

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის  მოადგილე ერიკ რუბინი  უკვე ბათუმშია. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ამ წუთებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. მედიისთვის კომენტარი  ერიკ რუბინმა  და ჯონ ბასმა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს. მათ ჟურნალისტების მხოლოდ ოთხ კითხვას უპასუხეს.

 

„ნეტგაზეთის“  შეკითხვაზე,  იქნება თუ არა  ირანის თემატიკა  სახელმწიფო მდივნის  კავკასიური ტურნის  ერთ–ერთი საკვანძო საკითხი,  აშშ–ი სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი პასუხობს, რომ საუბარი ამ მიმართულებითაც იქნება, თუმცა დასძენს, რომ ძნელია იმის თქმა, რომ ეს საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი: 

 

„ჰილარი კლინტონი შეხვდება არასამთავრობო  ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. მე ვერ გამოვყოფდი რომელიმე თემას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრებზე საგარეო პოლიტიკური საკითხებიც იქნება განხილვის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და, რასაკვირველია, ჩვენ ვისაუბრებთ ძირითად საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე. თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს თემა, რომელიც თქვენ ახსენეთ. იქნება წამყვანი ან ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა  ერიკ რუბინმა. 

 

რაც შეხება ჰილარი კლინტონის საქართველოში შეხვედრების მთავარ თემას, ერიკ რუბინი განმარტავს, რომ კლინტონს „ექნება  მრავალ თემაზე  საუბარი საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან შეხვედრის დროს. ჩვენ ასევე  მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის მნიშვნელოვანი ელემენტი, განსაკუთრებით დინამიური სამოქალაქო საზოგადოება და ღია პოლიტიკური სისტემა – ეს არის ის, რისკენაც საქართველო მიისწრაფის და ეს არის დემოკრატიული მისწრაფება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ამას და ველით, რომ პროდუქტიული შეხვედრა გვექნება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.“ 

 

შედგება თუ არა ჰილარი კლინტონისა და  ოპოზიიცის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფორმატში ბიძინა ივნიშვილთან შეხვედრა? ამ კითხვას ჯონ ბასმა უპასუხა:

 

„კლინტონს ექნება შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, პარტიებს თავად აქვთ თავისუფლება, წარმოადგინონ დამსწრეები.“

 

ჯონ ბასის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის მხარდაჭერისა და განწყობის ნათელი სიგნალი, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ აქვს:

 

„ეს, ასევე, ასახავს იმ ღრმა და მტკიცე პარტნიორობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის და შეერთებული შტატების განწყობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რომ ამ საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობასა და თავისუფლებაში. შეერთებული შტატები მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს საქართველოს საერთაშორისო კოალიციის საქმიანობაში, რომელიც მიმდინარეობს ავღანეთში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თავგანწირვასა და თავდადებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება იჩენს.“

 

ამ განცხადებების  შემდეგ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას  აშშ–ის სახელმწიფო მდივანის მოადგილე  ერიკ რუბინი, ელჩი მაიკლ კოზაკი და აშშ–ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი  ესწრებიან.

 

„მე ვფიქრობ, იქნებით გულწრფელები და ამასთან, თქვენს სათქმელს გადმოსცემთ მოკლედ, რომ შეხვედრა გამოვიდეს ინტერაქტიული“, – მიმართა ჯონ ბასმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით  საათნახევარს გაგრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას ესწრებიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველო წარმომადგენელი ეკა გიგაური, თავისუფალ ჟურნალისტთა  სახლი – ასლან ჭანიძე, საქართველოს პროფკავშირებისა  და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

 

თამარ ჩუგოშვილმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ განიხილავენ საარჩევნო გარემოს საქართველოში, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამჭირვალობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, ასევე, ეთნიკური თანაცხოვრების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პროფკავშირების პრობლემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი