“ეგ ყველაფერი არის პიარ-კამპანიაა, რად უნდათ ქუთაისში ველოტრასა? ვინ დადის იქ ველოსიპედით? არადა, ნახევარი სამტრედია ველოსიპედით დადის და აქ ტრასა არავის გაუკეთებია,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში სამტრედიელი ჭიჭიკო გედენიძე.
ქუთაისში 3კმ-იანი ველობილიკი აღმაშენებლის გამზირზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის აგვისტოში გახსნა. გახსნის დროს ის ერთი ჰოლანდიელი ტურისტის შენიშვნას გამოეპასუხა, რომელიც, როგორც პრეზიდენტმა თქვა, მის მეუღლეს, სანდრა რულოვსს შეხვდა ერთ-ერთ კაფეში და უთხრა:
“აი, მაგალითად, ქუთაისში არის ველოსიპედის გზა და არც ერთი ველოსიპედისტი არ დადისო. ეტყობა, ეს კაცი გონებრივად შორს წასული არ იყო, მაგრამ, საერთოდ, ცოტა ეს ქედმაღლობა ზოგიერთ უცხოელსაც ახასიათებს. იმას ვერ ხვდება, რომ ველოსიპედი საიდან იქნება, თუ ველოსიპედის გზა არ გააკეთე ჯერ?!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუთაისში ველობილიკი გაიხსნა, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ბილიკები მალე გამოვიდა მწყობრიდან.
ველოსიპედებს ამ ბილიკზე დღემდე იშვიათად შეხვდებით. ველოტრასასთან მდებარეობს სპორტსკოლა, სადაც ამ დროისთვის 25 მოზარდი ეუფლება ველოსპორტს.
სპორტსკოლის დირექტორი გია თორდია “ნეტგზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ქუთაისის მასშტაბისთვის ეს მცირე მაჩვენებელია, მისივე თქმით, ამ ქალაქში არ არსებობს ველოსიპედის სარგებლობის ის კულტურა, რაც, მაგალითად, სამტრედიაშია.
ქუთაისში ველობილიკს ძირითადად ბავშვები იყენებენ და იშვიათად – ზრდასრული ადამიანები, ისინიც მხოლოდ საღამოს საათებში და სეირნობის მიზნით.
იური შენგელია 55 წლისაა. მეუღლე და 8 შვილი ჰყავს. სამტრედიიდან ქუთაისში ყოველდღე დადის: სოფლიდან გასაყიდად დააქვს 100 კილოგრამი სხვადასხვა სახის პროდუქტი ქუთაისის ბაზარში. საკუთარი სოფლიდან ქალაქ სამტრედიამდე ველოსიპედით ჩადის. სამტრედიიდან ქუთაისამდე – მატარებლით, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა გადატვირთულია და იქ ველოსიპედის გამოყენება სახიფათოა:
“მატარებლის ბილეთი 1 ლარი ღირს და ლარის გულისთვის ხომ არ მოვაკვლევინებ თავს მაგ ტრასაზე?! ველოტრასა რომ იყოს, აუცილებლად ველოსიპედით ვივლიდი, რადგან ქუთაისამდე მატარებლით მიმაქვს ველოსიპედი, იქ, რკინიგზის სადგურიდან ბაზრამდე, ველოსიპედით მივდივარ და უკან იგივე მარშრუტით ვბრუნდები. ამით ტრანსპორტირების ფულს– თვეში 100 ლარს– ვზოგავ,” – ამბობს იური შენგელია.
იური შენგელიასგან განსხვავებით, სამტრედია-ქუთაისის ავტომაგისტრალზე გადატვირთული და სახიფათო მოძრაობის მიუხედავად, ველოსიპედით ყოველდღე გადააგილდება დათო ეფრემიძე:
“აქვე ვცხოვრობ, ტრასასთან, და დავდივარ ჩემი ველოსიპედით მაღაზიაში, ქალაქში წასასვლელად ამას ვიყენებ, “მარშუტკის” ნაცვლად. ველოტრასა ნამდვილად საჭიროა აქ, თქვენც ხომ ხედავთ, რამდენი ველოსიპედი დადის. ამ ტრასაზე დღეში 100 ველოსიპედი მაინც ჩამოივლის, იმის მიუხედავად, რომ საშიშია. თეთრი ხაზის გვერდზე, მოხრეშილი ადგილი სადაც არის, იმას ვიყენებთ ველოსიპედის ბილიკად”, – ამბობს დათო ეფრემიძე.
სამტრედიიდან ქუთაისამდე 37 კმ-ია. მთავრობამ 5 200 000 აშშ დოლარი გამოყო ქუთაისში 30-კილომეტრიანი ველოგზის მშენებლობისთვის. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი პროექტი მზადაა, ქუთაისში მხოლოდ 3 კმ-იანი ველოგზა აშენდა, რისთვისაც (ხეივნის ჩათვლით) დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
“ველოსიპედი ასევე არის ევროპული ცხოვრების წესის ძალიან მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. სხვათა შორის, ქუთაისში ეს ყველაზე მაგრად დაინერგება იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მაგარი ევროპა ევროპაში”, – მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების მიუხედავად, რომელიც მან ერთი წლის წინ გააკეთა, ქუთაისში არც დაპირებული 30 კმ-იანი ველოგზა აშენებულა და ვერც ველოსიპედის მასობრივად გამოყენება დაინერგა.
დღემდე არ აშენებულა ველოგზა საქართველოს დედაქალაქში – თბილისში, სადაც, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ერთი წლის წინ, თბილისის ზღვის გარშემო და დიღომში უნდა აშენებულიყო 30 კმ-იანი ველობილიკი.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, მაგრამ ვერ აკონკრეტებენ, როდის შეიძლება დაიწყოს ველოგზის მშენებლობა დედაქალაქში. თუმცა გასული წლის ბოლოს თბილისში, რევოლუციის მოედანზე, გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა დაიდგა, ცოტა უფრო ადრე კი, 2011 წლის 20 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ხელისუფლებამ სამსახურში ველოსიპედებით მისვლის დღე მოაწყო, თუმცა ამ პიარ-აქციის შემდეგ მთავრობის წევრებსა და საჯარო მოხელეებს სამსახურში მისასვლელად ველოსიპედებით აღარ უსარგებლიათ.
ერთადერთი, ვინც საქართველოს მთავრობის შემადგენლობიდან აქტიურად გადაადგილდება ველოსიპედით, თუმცა ისიც ტელეკამერების წინ, ეს თავად ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. უფრო მეტიც, გასული წლის დეკემბერში, როცა მან ქობულეთში 6-კილომეტრიანი ველობილიკი გახსნა, ერთგვარი “ველობრიფინგიც” გამართა: პრეზიდენტი ველოსიპედით გადაადგილდებოდა ახალ ბილიკზე და პარალელურად, საზღვაო-საკურორტო ქალაქისთვის ამ ბილიკის მნიშვნელობაზე საუბრობდა.
ბოლოს ველომრბოლელის ამპლუაში მიხეილ სააკაშვილი ქართული ტელეარხების ეკრანზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, როდესაც მან აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში გაისეირნა ველოსიპედით და განაცხადა, რომ ჩიკაგოს ბულვარი მისთვის ერთგვარი “შთაგონების წყარო” გახდა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას მომავალში ბათუმის ბულვარი.
დაახლოებით 20 კმ-იანი ველოტრასა 2011 წლის ივნისში გაიხსნა ბათუმში, სადაც ველოსიპედები ფრანგულმა კომპანია “ინტერ საიქლმა” შემოიტანა ბათუმის მერიის დაფინანსებით: 150 ველოსიპედი ბათუმის მერიას 200 ათასი ევრო დაუჯდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება აქტიურ პიარ-კამპანიას აწარმოებდა ველოსიპედების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში იმპორტირებულია 66 000 ველოსიპედი, რაც წინა წლის მონაცემებს 37%-ით აღემატება. 2012 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით კი, საქართველოში 12 560 ველოსიპედია იმპორტირებული.
ველობილიკის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო ზუგდიდში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ველობილიკები რამდენიმე ადგილზე უნდა გაკეთდეს სამეგრელოში (ზუგდიდში, ანაკლიაში), ასევე – კახეთში. თუმცა ამ ნუსხაში არ შედის სამტრედია და აბაშა, სადაც ბოლო რამდენიმე ათეული წელია ადგილობრივ მოსახლეობაში ტრანსპორტის ყველაზე გავრცელებული სახეობა სწორედ ველოსიპედია.
“სამგზავრო ფული არ გვაქვს. ველოსიპედს კიდევ არც ბენზინი უნდა და არც ბილეთი, შეჯდები და მიდის,” – ამბობს სამტრედიაში მცხოვრები გურამ ახობაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

![ვისთვის აშენებს მთავრობა ველობილიკებს [Video] ვისთვის აშენებს მთავრობა ველობილიკებს [Video]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000007745.png)






