ახალი ამბები

სამწლიანი პატიმრობა presa.ge-ზე ჰაკერული თავდასხმისთვის

4 ივნისი, 2012 • • 2205
სამწლიანი პატიმრობა presa.ge-ზე ჰაკერული თავდასხმისთვის

შსს-მ გუშინ, 3 ივნისს, გაარცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს სხვადასხვა ინტერნეტ– პორტალებზე კიბერშეტევის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების შედეგად კი პოლიციამ 19 წლის ლევან დარჯანია დააკავა, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია ინტერნეტ– პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.

 

შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ზურა გვენეტაძის ცნობით, დაკავებულს ბრალი სწორედ presa.ge-ზე და droni.ge-ზე ჰაკერული შეტევისთვის  წაუყენეს.

 

ლევან დარჯანიას ბრალი საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც სასჯელად გულისხმობს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაო ვადას 2 წლამდე, ან 3 წლამდე პატიმრობას.

 

თუ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, არაერთგზის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და გამოწვეულია დიდი ზიანი, მაშინ სასჯელი მკაცრდება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაო ვადას, ან 3-დან 6 წლამდე პატიმრობას.

 

”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის თქმით, საინფორმაციო პორტალებზე – droni.ge-სა და presa.ge-ზე კიბერშეტევა 31 მაისს დაიწყო.

 

 ”ეს იყო საკმაოდ კარგად ორგანიზებული, მძლავრი კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია ამ საიტების პარალიზება. საიტები ამ დრომდე პარალიზებულია და ამ დრომდე ვცდილობთ მათ ჩართვას,” – განუცხადა გიორგი კაპანაძემ ”ნეტგაზეთს”. 

 

გიორგი კაპანაძის თქმით, ტექნიკურმა ჯგუფმა რამდენჯერმე შეძლო საიტების ჩართვა, თუმცა, განმეორებითი შეტევის გამო, კვლავ მიუწვდომელი გახდა. მისი თქმით, ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” საიტების მიმართ DDos ტიპის შეტევა განხორციელდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ  droni.ge-სა და presa.ge-ზე მომხმარებელი, ფაქტიურად, შესვლას ვერ ახერხებს, დღეს, 4 ივნისის, 12:36 საათის მონაცემებით, droni.ge-ზე შესულია 13 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, presa.ge-ზე კი– 5800-ზე მეტი.

 

როგორ შეიძლება საიტზე, სადაც მომხმარებლები ვერ შედიან, რამდენიმე ათასი ადამიანის შესვლა  დაფიქსირდეს, ამ საკითხს ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ასე ხსნის:  

 

”ვინც ეს საკითხი იცის, მისთვის ეს არანაირად საეჭვო არ არის. ჩვენ ამ საიტებს პერიოდულად ვრთავთ. მაგალითად, გასულ ღამეს საიტები 3-4 საათით იყო ჩართული. Droni.ge წუხელ მთელი ღამე იყო ჩართული, presa.ge-ს კი შედარებით უჭირდა. მაგალითად, droni.ge 15 წუთის წინაც იყო ჩართული, ეს იყო მომენტალური ჩარვები. Top.ge-ს რეიტინგი კი ასახავს დროებითი ჩართვებისას შემოსული ადამიანების რაოდენობას”.

 

ქართული ვებგვერდების რეიტინგების მთვლელი საიტის, top.ge-ს ადმინისტრატორი, თემურ ხაინდრავა(Tim) ვერაფერს უცნაურს ვერ ხედავს Droni.ge-სა და presa.ge-ს რეიტინგში.

 

”presa.ge და droni.ge გათიშული კი არ არის, მათზე ხორციელდება DDos შეტევა, რაც აფერხებს ამ საიტებზე წვდომას და შეიძლება, ათი ცდიდან ერთხელ შეხვიდე. მსგავსი ტიპის შეტევა გულისხმობს, რომ ამ საიტების სერვერზე ბევრი კომპიუტერიდან ერთდროულად იგზავნება ათასობით მოთხოვნა(საიტზე შესვლის მცდელობა), რასაც სერვერი ვერ უძლებს და ჩვეულებრივ მომხარებელს არ აძლევს საიტებზე შესვლის საშუალებას,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” თემურ ხაინდრავამ. მისივე თქმით, top.ge ითვლის  იმ ადამიანების ვიზიტებსაც, რომლებიც დროებითი ჩართვის შემთხვევაში ვებგევრდებზე ახერხებენ შესვლას, გარდა ამისა, top.ge-ს მთვლელი ასახავს ქეშირებულ გვერდებზე შესულ მომხმარებლებსაც. 

 

რამდენიმე დღის წინ ჰაკერული შემოტევის მსხვერპლი გახდა რამდენიმე ქართული ბლოგი, მათ შორის ireporter.ge. ბლოგის დამფუძნებელმა ნინო ჭელიძემ 29 მაისს განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა, დაიწყო თუ არა გამოძიება, მისთვის უცნობია.

 

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ საინფორმაციო ბლოგ ireporter.ge-დან 140-მდე სტატია დაიკარგა, რაც შეეხება presa.gep-სა და droni.ge-ს, გიორგი კაპანაძის თქმით, გამოცემის არქივებს ზიანი არ მიდგომიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი