ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ქუთაისში 10 ივნისს აპირებს მანიფესტაციის გამართვას

4 ივნისი, 2012 • 1102
“ქართული ოცნება” ქუთაისში 10 ივნისს აპირებს მანიფესტაციის გამართვას

“როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის მერიამ 2-ჯერ წერილობითი უარი გამოგვიცხადა და შემოგვთავაზა აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ან სხვა ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი ადგილი. კოალიცია “ქართული ოცნება” მზად არის, თავისი ღონისძიება გამართოს 10 ივნისს, 6 საათზე, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ ამ წინადადებით მივმართავთ ახლა მერიას და ველოდებით მათგან სამართლებრივ და იურიდიულ პასუხს ამ საკითხებზე,”- აღნიშნა “ნეტგაზეთთან’” საუბარში შალვა კიკნაველიძემ, კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული საბჭოს წევრმა.

 

შალვა კიკნაველიძე
შალვა კიკნაველიძე

“ჩვენ მზად ვართ, გავმართოთ შეკრება-მანიფესტაცია კანონთან სრული შესაბამისობით და მივიჩნევთ, რომ ღონისძიების მომზადებისა და მიმდებარეობის პროცესში ადგილი არ ექნება რაიმე სახის გაურკვევლობას, ერთი მხრივ, ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და მეორე მხრივ, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკვე შევიდა ქუთაისის მერიაში.

 

“ქართული ოცნება” აქციის გამართვას 7 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აპირებდა, თუმცა მერიამ მათი წერილობითი განცხადება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ, ფესტივალ “არტ ივნისის” ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 ივნისიდან 1 ივლისამდე ღონისძიებებია დაგეგმილი. მერიამ მათ ალტერნატიული ადგილი შეთავაზა აღმაშენებლის ძეგლთან.

 

მოგვიანებით ქუთაისის მერიამ “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ მათ ცენტრალურ მოედანზე შეეძლოთ აქციის გამართვა 11 ივნისიდან 15 ივნისამდე, თუმცა დღეს კოალიციამ განცხადება შეიტანა აღმაშენებლის ძეგლთან აქციის გამართვის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი