ახალი ამბები

”ახალგაზრდა ადვოკატები” ბავშვთა უფლებებზე პარლამენტს მიმართავენ

1 ივნისი, 2012 •
”ახალგაზრდა ადვოკატები” ბავშვთა უფლებებზე პარლამენტს მიმართავენ

ორგანიზაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს როგორც ზოგად, ასევე, კონკრეტულ შემთხვევებზე. მათი თქმით, სახელმწიფოს არ გააჩნია  კონკრეტული სამოქმედო სტრატეგია, რითაც შესაძლებელი იქნება ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტების  შემცირება და ბავშვების ცხოვრებისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა:

”ეს არ არის ერთდღიანი გამოხმაურება, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზულ კამპანიას ვგეგმავთ. როცა 199 არასრულწლოვანი გყავს ციხეში, შეუძლებელია ვისაუბროთ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა გადახედოს ამ სტატისტიკას. ამნისტიის თუ ვადაზე ადრე შეწყალების დროს,  შეწყალებულთა და გათავისუფლებულთა რიცხვში არასრულწლოვნები იშვიათად ხვდებიან”, – განაცხადა ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატების” წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

”ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის რეალური მონაწილე გახდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება ერთ კონკრეტულ შემთხვევაზეც გამახვილდა, ეს არის ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები მამაგულაშვილების ოჯახის საქმე.

მამაგულაშვილებს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. 2008 წლის ომის შემდეგ ის ტერიტორია, სადაც ოჯახი ცხოვრობდა,  ე.წ. ნეიტრალურ ზოლში მოექცა, ოჯახი ამჟამად უკიდურეს გაჭირვებაში, საქონლის სადგომში ცხოვრობს.

მუნიციპალიტეტმა მათ საცხოვრებელი სახლი სხვა სოფელში შესთავაზა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანისა და ტახტიძირის რწმუნებულის, გოჩა ნებიერიძის თქმით, ოჯახმა გადასვლაზე უარი ფულის გამო თქვა:

”ჩვენ შევთავაზეთ ორსართულიანი გარემონტებული ბინა სოფელ ღვლევში, აქ ყველა სახლს აქვს ეზო და შეეძლოთ მიწა დაემუშავებინათ, მაგრამ უარი თქვეს, ამბობენ, ფული მოგვეცითო და სოფლის დატოვებაზეც უარს აცხადებენ. 2008 წლის ომის შემდეგ ვინც ეს ტერიტორია დატოვა, ყველას მივეცით ბინა, ამათ არ მოინდომეს და ამიტომ არიან ასეთ პირობებში. იქვე ბინის ყიდვა შეუძლებელია, რადგან კონფლიქტური ზონაა”, – განაცხადა გოჩა ნებიერიძემ.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბავშვების დაზღვევა, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სტრატეგიის შემუშავება ე.წ. ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით, ”ახალგაზრდა ადვოკატებმა” სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც, მათივე განცხადებით, უახლოეს მომავალში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტსაც მიეწოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი