შშმ ბავშვების მდგომარეობა არასამთავრობო ორგანიზაციების – “უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის”, “მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის” და “ლაბორატორია 1918”-ის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, საქართველოში ყურადღება არ ექცევათ. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მათ უამრავი დამატებითი თანხა ჭირდებათ მკურნალობისა და სხვადასხვა საჭიროებისთვის:

”ჩვენს ბავშვებს ჭირდებათ ფული ელემენტარულად იმ წამლების მისაღებად, რაც აუცილებელია. დღეს არსებული დახმარება, რომელიც 80 ლარიდან 70 ლარამდე შემცირდა, ამის საშუალებას არ იძლევა”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ბავშვის მშობელი ციცი გურიელი.

ნანა ლეჟავა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის” წარმომადგენელია. მისი თქმით, შშმ პირებზე ძალიან მძიმედ აისახა დახმარების 10 ლარით შემცირება:

”მართალია, ამბობენ, რომ დახმარება დაზღვევის სანაცვლოდ შემცირდა, მაგრამ სინამდვილეში დაზღვევა თითქმის გამოუყენებელია, რადგან არ არის ორიენტირებული წამლების შეძენაზე და მცირედ გამოკვლევებზე, 15 000-იანი ოპერაცია კი შეიძლება ყველას არ დაჭირდეს, ამიტომ ამ ადამიანებისთვის ის 10 ლარი უფრო მნიშვნელოვანი იყო”, – განაცხადა ნანა ლეჟავამ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროდან პალამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს, მათი ნაწილი გზაზე ფეხშიშველი მიდიოდა და პროტესტს ასე გამოხატავდა.

აქცია სახელწოდებით “3D საქართველოს დაუცველი ბავშვები” დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და პარლამენტის შენობასთან დასრულდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *