ახალი ამბები

სამხრეთ კავკასიის სკაიპ მშობლები

24 სექტემბერი, 2016 •
სამხრეთ კავკასიის სკაიპ მშობლები

ავტორები: [გიუნელ მევლუდი [აზერბაიჯანი] ედიტა ბადასიანი [საქართველო] გაიანე მკრტიჩიანი [სომხეთი]


 

ბევრი მშობლისთვის  ერთი თვე ან რამდენიმე კვირა წელიწადში დროის ის მცირე მონაკვეთია, როდესაც შვილებთან ერთად მისი გატარება შეუძლიათ.

საზღვარგარეთ მომუშავე და ოჯახებიდან წლობით წასული დედები და მამები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის უცხო არ არის. ამ მოვლენაზე და მის შედეგებზე დიდი ენთუზიაზმით არ საუბრობენ. ხანგრძლივი შრომითი მიგრაცია ხშირად ოჯახების გახლეჩას და ემიგრირებულთა ორმაგ ცხოვრებას იწვევს.

სამხრეთ კავკასიის ჟურნალისტთა ჯგუფი შეეცადა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხები ეპოვა:

ოჯახები “სკაიპის იმედად”

ანაიტი: ჩემი ქმარი ეკრანს კოცნიდა – ასე გამოხატავდა შვილებისადმი სითბოს.

სომეხი ბიჭუნა არამი 10 წლის გახდა. დაბადების დღე დედასთან [ანაიტი] და დასთან ერთად აღნიშნა. ასევე, “სკაიპით” მამასთან, რომელიც მოსკოვში მუშაობს.

“ბავშვმა სანთლები ჩააქრო, ფოიერვერკი დასრულდა. ჩვენ კი, ყველანი ეკრანის სხვადასხვა მხარეს ტაშს ვუკრავდით და არამს ვულოცავდით. ჩემი ქმარი ვაგრამი ეკრანს კოცნიდა, ისე უნდოდა შვილის ჩახუტება. პატარა გოგონა კი სულ ტიროდა და ეხვეწებოდა მამას, რომ გადმოვიდეს ეკრანიდან და სახლში დაბრუნდეს”.

ანაიტი ამბობს, რომ მათ კვარტალში კაცები აღარ დარჩნენ, მხოლოდ ქალები და ბავშვები არიან. ქმრები ახალი წლისთვის ჩამოვლენ და სამ თვეში ისევ რუსეთში დაბრუნდებიან.

ნატა: სხვა გზა არ გვაქვს

ნატას და ვახტანგის ოჯახში ყველაფერი ბევრად რთულადაა. ინგლისური ენის ყოფილი პედაგოგი, 34 წლის ნატა და მისი ქმარი მთელი წელი ელოდებიან, რომ შვილს შეხვდნენ. ნატა ქმართან ერთად ისრაელში ცხოვრობს. ოჯახური და ქართული სამზარეულოს კეიტერინგით არიან დაკავებული. მათ მცირეწლოვან შვილს საქართველოში ბებია და პაპა ზრდიან.

“საქართველოში საკუთარი სახლი არ გვქონდა. ქირით გადასვლა ძალიან ძვირი გვიჯდებოდა, შემოსავალი არ გვყოფნიდა. მშობლებთან ცხოვრებას არც განვიხილავდით. ისინი თავიდანვე ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ და ყველანაირ დახმარებაზე უარი თქვეს. საქართველოში ნორმალური ანაზღაურებით სამსახური ვერ ცერთმა ვიშოვეთ. სკოლაში ძალიან ცოტას მიხდიდნენ, ისეთი ნაცნობებიც არ გვყავდა, რომ კარგ ადგილას დაგვეწყო მუშაობა”, – ამბობს ნატა.

უკვე 8 წელია ისრაელში ცხოვრობენ. თავიდან, როგორც ნატა ამბობს, შვილი მათთან ერთად იყო ისრაელში, მაგრამ 5 წლის წინ საქართველოში დააბრუნეს და სკოლაშიც საქართველოში მივიდა.

“გვინდოდა, თავიდანვე საქართველოში ესწავლა. მომავალში ენობრივი და ადაპტაციის პრობლემა რომ არ ჰქონოდა. შვილთან ყოველდღე ვსაუბრობთ “ვასთსაფით” ან “ვაიბერით”. “სკაიპით” კვირაში 2-3-ჯერ. საქართველოში წელიდაწდში 2-3-ჯერ ჩავდივარ. ზაფხულსაც მასთან ვატარებ. საშინლად გვენატრება შვილი”.

ნატა ამბობს, რომ ისრაელში სამუშაოდ კიდევ 3-4 წელიწადი დარჩებიან.

“ზოგჯერ უსამართლობის განცდა გვაქვს ამ მდგომარეობის გამო – როდესაც ხედავ ოჯახებს, რომელთაც გარშემომყოფები  ეხმარებიან და შეუძლიათ არსად წავიდნენ მომავლის უზრუნველსაყოფად სხვაგან, გაურკვევლობაში.  თუმცა ეს ჩვენი არჩევანია და სხვა გზა ამ ეტაპზე არც გვაქვს”.

სკაიპ მობლები. ფოტო: აზიზ კარიმოვი

ფოტო: აზიზ კარიმოვი

ანი: მამა შვილებთან არ ურთიერთობს, ვერ ხედავს მათ პირველ ნაბიჯებს

30 წლის ანი მანუკიანის მესამე შვილი რიმა ერთი წლისაა. ანი სომხეთის რესპუბლიკაში გეხარკუნისის მხარეში, სოგელ ლიჩკში ცხოვრობს. 10 წლის წინ დაქორწინდა. თუმცა ქმართან ერთად, ჯამში,  ალბათ 5 წლის განმავლობაში იცხოვრა.

ანი ამბობს, რომ ძალიან აკლია და ენატრება ქმარი, რომელსაც წელიწადში მხოლოდ სამი თვე ხედავს. სამივე შვილს ანი დამოუკიდებლად ზრდის.

“სულ მოლოდინში ვართ. ვიცით, რომ მარტში წავა და ნოემბერში დაბრუნდება. რიმა შარშან დაიბადა, მაგრამ მამამ ბავშვი მხოლოდ სამი თვის შემდეგ ნახა. საერთოდ ვერ მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, ვერ ხედავს მათ პირველ ნაბიჯებს, არ ესმის მათი პირველი სიტყვები. თითქოს ჩვენც დავშორდით ერთმანეთს და “სკაიპიღა” გვაკავშირებს. ასეთ დროს, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს, ისაა, რომ მთელი სოფელი ასეა. თითქმის, ყველა ოჯახის ახალგაზრდა კაცები სხვა ქვეყანაში არიან სამუშაოდ წასული”.

ნარმინა: მამა შვილებისთვის გაუცხოვდა

ნარმინა 55 წლისაა, აზერბაიჯანიდან. ამასწინათ, მისი 30 წლის შვილი დაქორწინდა. ნარმინას პირველმა შვილმაც 5 წლის წინ იქორწინა.

ნარმინა ამბობს, რომ როდესაც ქმარი სამუშაოდ უკრაინაში წავიდა, მათი შვილები ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდნენ. 30 წელიწადია, რაც ნარმინა და შვილები მამას წელიწადში ერთხელ ხედავენ.

“პირველ წლებში მეც და ბავშვებიც მოუთმენლად ველოდით მის დაბრუნებას. განსაკუთრებით ვემზადებოდით დასახვედრად. მაგრამ დროთა განმავლობაში შვილებისთვის გაუცხოვდა. მე კი რა უნდა ვქნა ? შვილებს ფული სჭირდებოდა, ახლა შვილიშვილებსაც სჭირდება. ისეთი ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც უკრაინაში წავიდა, დღეს კი ბებია ვარ. ზოგჯერ სიმწრის სიცილით ვიცინი, რომ უკრაინაში უკვე 3-4 პრეზიდენტი შეიცვალა და ჩემი ქმარი ისევ იქაა”.

სტატისტიკა და რეალობა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყნიდან წელიდაწდში 10 ათასზე მეტი საქართველოს მოქალქე გადის. ეს სტატისტიკა არ აჩვენებს, ემგირაციაში მოქალაქეები, სამუშაოდ, სამუდამოდ თუ სხვა მიზნით მიდიან.

განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში შრომითი მიგრაცია ქალებში ძალიან პოპულარული გახდა. ქალები სამუშაოდ მიდიოდნენ რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და აშშ-ში. ისინი ვიზებს მოკლე ვადით იღებდნენ და შემდეგ იქ არალეგალებად რჩებოდნენ. აქედან კი იწყებოდა ოჯახებთან ხანგრძლივი განშორება.

არც სომხეთშია სპეციალური სტატისტიკა, რომელიც მიგრანტებს აღრიცხავს. მხოლოდ არსებობს ინფორმაცია, სომხეთის რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი. კვლევებშიც, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ტარდებოდა, საუბარია იმის შესახებ, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნებულა.

ასეთი აქტიური შრომითი მიგრაცია საბჭოთა კავშირის შემდეგ დაიწყო, როდესაც ოჯახები სოციალურ – ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.   

სოციოლოგი რუბენ ეგანიანი ამბობს,  რომ საბჭოთა დროსაც არსებობდა შრომითი მიგრაცია და წელიდადში 30-40 ათასი მოქალაქე სეზონურ სამუშაოზე მიდიოდა – თუმცა ეს ადამიანები ძირითადად სომხეთის მაღალმთიანი  რაიონებიდან იყვნენ.

“იმ დროს მიგრაციას უკეთესი ცხოვრების მიზანი და სტრატეგია ჰქონდა, ახლა მხოლოდ –  გადარჩენის. დღეს მარტო სეზონური მიგრანტების რაოდენობა 80-100 ათასია. დაახლოებით, 85% კაცი და 15% ქალი. ამასთან, დიდი რაოდენობა მიგრანტების ახალგაზრდაა. ძირითადი სამიგრაციო პარტნიორი სომხეთისთვის რუსეთია, სადაც სამუშაო ძალის 95% მიემგზავრება”, -ამბობს ეგანიანი.

ალოვსეტ ალიევი

ალოვსეტ ალიევი

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემით, 2015 წელს  აზერბაიჯანი 1600-მა შრომითმა მიგრანტმა დატოვა.  2016 წელს კი, ეს რიცხვი 238 – მდე შემცირდა. აზერბაიჯანის მიგრაციის ცენტრის დირექტორი ალოვსეტ ალიევი აღნიშნულ მონაცემებს სკეპტიკურად უყურებს:

“ქვეყანაში არ არის სისტემა, რომელიც აღრიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში სამუშაოდ მიდიან, ან საერთოდ ტოვებენ ქვეყანას. ამიტომაც ციფრები, რომელსაც სტატისტიკის კომიტეტი აქვეყნებს, არარეალურია. რეალურად, ყოველ წელს ქვეყანას 10 000 ზე მეტი შრომითი მიგრანტი ტოვებს”.

ალიევი ამბობს, რომ არსად აღირიცხება შრომითი მიგრაციის გენდერული მაჩვენებლებიც:

“დაკვირვევების, სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკითხვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი მიგრანტების  95% კაცია. ისინი ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ბაზრებში სავაჭროდ მიდიან”.

დაცარიელებული ქალაქები 

სოფელ აზატეკის [სომხეთი, ვაიოც ძორის რეგიონი] ერთადერთი მაღაზიის ვიტრინაში ერთადერთი განცხადებაა გაკრული: “რუსეთში” . განცხადებაში შემოთავაზებულია ავტობუსები ხელმისაწვდომ ფასებში ვორონეჟამადე, კრასნოდარამდე და სოჭიმდე.

“გუშინაც რამდენიმე ადამიანი წავიდა. აქ ცხოვრება მომავლის გარეშეა. წყალი არ არის, ტექნიკა არ არის, სოფლის მეურნეობიდან რაიმე სარგებელი არ არის. საქონლის შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. ადამიანები ითმენენ, ითმენენ და ბოლოს მიდიან. მიდიან ფულის გარეშე. მშობლები საკუთარ პენსიას აძლევენ გზისთვის, ანდა ძროხას კლავენ, ხორცს ყიდიან და გზის ფულს შოულობენ”, – ამბობს აზატეკის მაღაზიის მეპატრონე ქარბიდ პეტროსიანი.

აზატეკში მცხოვრები 56 წლის ჟანეტა ნერსისიანი ბოლო 9 წლია სახლში ორ რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მისი  ორივე შვილი წლებია რუსეთში მუშაობს.

“მთელი წელი უკმაყოფილებას გამოვხატავ, რომ დაბრუნდნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, რა უნდა აკეთონ აქ. ოჯახი, შვილები ჰყავთ სარჩენი. ჩემი უმცროსი წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის ოქტომბერში. უფროსი, ვშიშობ, საერთოდ აღარც ჩამოვა”, – ამბობს ჟანეტა.

რუსეთში სომხეთიდან სამუშაოდ რეგეხარკუნინისა და შირაქის მხარეების მცხოვრებლებიც ხშირად მიდიან. სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც ყოველი მეორე მამაკაცი სამუშოად არის წასული.

აზერბაიჯანის ცენტრალური რაიონებში- საბირაბადში, იმიშლისა და საათლში, ასევე, იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდა კაცებს. ახალდაქორწინებული კაცები ქორწინების შემდეგ დიდხანს არ რჩებიან ცოლებთან და რუსეთისა და უკრაინის ბაზრებში სამუშაოდ მიემგზავრებიან.

ლალა 20 წლისაა და ორი მცირეწლოვანი შვილით ქმრის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქმარი ქორწილის შემდეგ სულ 3-4 ჯერ ჰყავს ნანახი. ქორწილიდან ორი დღის შემდეგ მისი ქმარი ნიჟნი ნოვგოროდში [რუსეთი] წავიდა სამუშაოდ. ის მეოთხე ბიჭი იყო ოჯახში. შესაბამისად, ოთხი რძალი, დედამთილი, ბებია და მრავალი შვილი ახლა მამაკაცების გარეშე ერთ სახლში ცხოვრობენ. შვილების უმრავლესობას მამები არ უნახავს. ტელეფონით, ან უფრო იშვიათად “სკაიპით” ეკონტაქტებიან.

მშობლები სკაიპით. ფოტო: აზიზ კარიმოვი

მშობლები სკაიპით. ფოტო: აზიზ კარიმოვი

თბილისიდან, ბორჯომიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან კი ძირითადად ქალები წავიდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ . მათი უმრავლესობა საბერძნეთში და იტალიაში წავიდა ძიძად, მომვლელად.

33 წლის ლია ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც მისი დედა სამუშაოდ იტალიაში წავიდა. ლია ძმასთან და მამასთან ერთად საქართველოში დარჩა. მაშინ თითქმის ყველა მათი მეზობელი  ქალი ავადმყოფი მოხუცების მოსავლელად იტალიაში მიემგზავრებოდა. მათ შორის იყო ლიას დედა, რომელმაც გზის ფულის შესაგროვებლად ოქრო გაყიდა.  

“იმ დროს არც კომპიუტერი იყო, არც სმარტფონი… ამიტომაც დედასთან კავშირი ტელეფონით მქონდა, ისიც არარეგულარულად. ახლა კი ვსაუბრობ ამაზე მშვიდად, მაგრამ მაშინ, როგორც ბავშვს, დედა მჭირდებოდა, ჩემს ძმასაც სჭირდებოდა. თან ისიც კარგად მესმოდა, რომ საჭმელი და ტანსაცმელიც არ გვექნება, რომ არა დედის გამოგზავნილი ფული”.

დედები და მამები ეკრანს მიღმა – კავკასიური ოჯახის მოდელი იცვლება?

აზატეკში [სომხეთი] დარჩენილი ქალები ამბობენ, რომ უკვე 20 წელია მყარი სომხური ოჯახები იქცა ოჯახებად, რომლებიც დამოკიდებული არიან სკაიპზე, მობილურ კავშირზე და კომპიუტერზე.

მამები ვერ ხედავენ შვილებს. მთელი პასუხისმგებლობა ქალებს ეკისრებათ. ხშირად შვილები ვერ ცნობენ და ვერ უახლოვდებიან მამებს, რომლებიც სახლში დროებით ბრუნდებიან. როცა ეჩვევიან, მათი წასვლის დროც მოდის.

იმის გამო, რომ ლიას დედა იტალიაში არალეგალი იყო, საქართველოში მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაბრუნდა.

“თავიდან მშობლები ტელეფონით ურთიერთობდნენ, 4 წლის შემდეგ კი ერთმანეთისთვის უბრალოდ უცხო ადამიანებიც იქცნენ. აქ ჩამოსვლის შემდეგ დედა მალევე დაბრუნდა იტალიაში და ახლაც იქ ცხოვრობს. მისი მადლიერი ვარ. ჩვენ გამო დიდი მსხვერპლი გაიღო. მე და ჩემმა ძმამ უმაღლესი განათლება მივიღეთ და ახლა ორივე ვმუშაობთ. დედას აქ დაბრუნება აღარ სურს. იქ უკეთესად გრძნობს თავს. აქ სამსახურს ვერც იშოვის, პენსია 180 ლარი ექნება. მიყვარს დედა, მაგრამ ძალიან ახლოსაც არ ვართ ერთმანეთთან. მე მის გარეშე გავიზარდე და ახლაც წელიწადში ერთხელ ვხვდებით”, – ამბობს ლია.

რუსუდან ფხაკაძე

რუსუდან ფხაკაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრი “სახლის” ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე ამბობს, რომ საქმე კომპელქსურ საკითხთან გვაქვს. მისი განმარტებით, ის, რომ ქალები მიდიან, გამოწვეულია როგორც ეკონომიკური, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორებით.

“როდესაც ქალი ვერ აუდის სახლის საქმეებს, რომლებიც მას მხრებზე დააწვა, ეს არის სტრესისგან თავის დაღწევა. იქ ის ფულს შოულობს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს მოვალეობებისგან თავის დაღწევაა. შვილები იტანჯებიან, მათ არ სურთ ამ შემთხვევაში დედა ეკრანს მიღმა”.

“მათ გვერდით სჭირდებათ ადამიანი, რომელიც შეეხება. ეს აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის. ექსპერიმენტულად ყველგან დამტკიცებულია, რომ მაგალითად, ბავშვებზე ბავშვთა სახლიდან, რომელთაც არ ეხებიან და არ ეფერებიან, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ დონეზე ნეგატიურად მოქმედებს ”, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, ყოველთვის არა, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შვილები ეჩვევიან უსაქმურობას და დედებისგან ელიან ფულის გამოგზავნას. მაშინაც კი, როდესაც ბავშვები აღარ არიან და შეუძლიათ მიიღონ განათლება, პროფესია, ამას არ აკეთებენ.
ეს არის თავისებური მოწყალების თხოვნა. ადამიანმა საკუთარ თავზე პასუხი უნდა აგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვითარდება.  თავად უნდა აგოს პასუხი ვარდნებზე და აღმასვლებზე. ეს მექანიზმი აუცილებელია, რომ ცხოვრებაში სირთულეებს გაუმკლავდეს”.

ელენა რუსეცკაია

ელენა რუსეცკაია


“ქალთა საინფორმაცაო ცენტრის” დირექტორი ელენე რუსეცკაიაც გვიზიარებს  დაკვირვებებს: იმის მიუხედავად, რომ ისინი იქ მძიმე სამუშაოს ასრულებენ, რამდენიმე წლის შემდეგ მათი უმრავლესობა იქ ლეგალურად დარჩენას ახერხებს და ბევრი აღარ ბრუნდება.

“მიზეზი შეიძლება იყოს ვიღაცაზე მუდმივად ზრუნვა. ეს დაუსრულებელი ციკლია. ჯერ მიდის იმიტომ, რომ გაზარდოს შვილები, მერე ისინი სტუდენტები ხდებიან, შემდეგ ქორწინდებიან, ჩნდებიან შვილიშვილები. და ეს ზრუნვა უსასრულოა”.

რუსეცკაია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კიდევ სხვა – თავისუფლების ფაქტორია.

“ყველა სირთულის მიუხედავად, კავკასიელი ქალები იქ თავისუფლებას პოულობენ: ეს ძალიან რთული პროცესია. ერთი მხრივ, მათ აქვთ ნოსტალგია, შინ დაბრუნების სურვილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ის თავისუფლება, რომლის დაკარგვაც აღარ სურთ”, – ამბობს რუსეცკაია.

სოციალურ-იურიდიული საზოგადოებრივი ორგანიზაციის  ”დაბრუნება და დაცვა” თავმჯდომარე ტატევიკ ბეჟანიანი ამბობს, რომ როდესაც ისინი შრომით მიგრანტებთან საუბრობენ, ხშირად ისმენენ, რომ თუკი იმის ნახევარს გამოიმუშავებდნენ სამშობლოში, რამდენსაც რუსეთში, ოჯახებს აღარ დატოვებდნენ.

Tatevik Bejanyan-2ტატევიკ ბეჟანიანი განმარტავს, რომ შრომითი მიგრაცია ოჯახის მოდელს ცვლის: ქმრების წასვლა ქალს აიძულებს მათ ნაცვლადაც მიიღონ გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ქალი უფრო ძლიერი ხდება.

“ქალზეა შვილების აღზრდა, უზრუნველყოფა. რეგიონებში მიწაზე შრომაც მათ მხრებზე გადადის. კაცის სოციალური როლი ოჯახში მეორეხარისხოვანი ხდება. ქალი მთვარია ოჯახში, ის კარნახობს წესებს. მამა კი ხდება ოჯახის წევრი, რომელიც არ არის და ზოგჯერ ფულს გზავნის”, – ამბობს ბეჟანიანი.

მიგრადატ მადატიანი

მიგრადატ მადატიანი

ფსიქოლოგიური ცენტრის, “მადატიანის” ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მიგრდატ მადატიანი ამბობს, რომ ოჯახში დედისა და მამის როლი არა მხოლოდ ის არის, ვინ უნდა იშოვოს ფული, არამდ ის, ვინ იქნება შვილების მაგალითი, ოჯახის პრობლების გადაწყვეტაში ვინ იღებს აქტიურ მონაწილეობას.

 

“რამდენიც არ უნდა აუხსნა ბავშვს, რომ მამა საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული, მას ეს არ აინტერესებს. ყველას არ ახსოვს, რას იცვამდა ბავშვობაში, მაგრამ გვახსოვს მშობლების რჩევები. ბავშვმა უნდა იგრძნოს მშობლების ფიზიკური არსებობა”, – ამბობს ფსიქოლოგი.

“უსიტყვო განქორწინებები”

ორი შვილიშვილის ბებიის, ნარმინას თქმით, დიდი ხანია შეეგუა  იმ ფაქტს, რომ მის ქმარს უკრაინაში სხვა ოჯახიც ჰყავს.  

“ყოველ წელს სულ უფრო ცოტა დროით ჩამოდის და აქ ქალისთვის და ბავშვისთვის საჩუქრებს ყიდულობს”.

ამის ნახვა მას ტკივილის აყენებს, მაგრამ, ამბობს, რომ  ყველაზე საზარელ სიზმარშიც ვერ წარმოუდგენია განქორწინება ქმართან, რომელიც უკვე თითქმის ოცდაათი წელი მასთან არ ცხოვრობს.

“რას ამბობთ, შვილები და შვილიშვილები როგორ გამოვკვებო?! რეგულარულად უნდა გამოგვივგზავნოს რაღაც თანხა. დანარჩენი კი .. რა ვქნათ, ასე გამოვიდა…”

ანაიტ არუტუნიანი ამბობს, რომ მისმა მეზობელმაც კარგად იცის, რომ მის ქმარს მეორე ოჯახი და შვილებიც ჰყავს, მაგრამ ყველაფერს ჩუმად იტანს, იცის, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც მას და შვილებს დაეხმარება.

“ასეთი ოჯახების დანაწევრებას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც უსიტყვო განქორწინებას. აქაც ჰყავს ცოლი, ბავშვები, ოჯახი და სხვაგანაც. ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობს, არ საუბრობს ამაზე იმიტომ, რომ არ აწყობს, ეს არის “უსიტყვო განქორწინება”. ოჯახი არ მიმართავს სასამართლოს, მაგრამ ყველაფერი დასრულებულია”, – ამბობს ფსიქოლოგი მიგრადატ მატადიანი.


სტატია მომზადებულია “ტაბუირებული თემები სამხრეთ კავკასიაში” პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი