ახალი ამბები

ქუთაისის მერია “ქართულ ოცნებას” მიტინგისთვის ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს

31 მაისი, 2012 • 989
ქუთაისის მერია “ქართულ ოცნებას” მიტინგისთვის ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს

კოალიციამ ქუთაისის მერიისგან მოითხოვა ნებართვა, რათა 7 ივნისს მათ მიტინგი გაემართათ ცენტრალურ მოედანზე, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ე.წ. კოლხური შადრევანი გაიხსნა. თუმცა ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე “ჯეოსტარელების” კონცერტია დაგეგმილი და, შესაბამისად, ისინი სანქციას ვერ გასცემენ იქ მანიფესტაციის გამართვაზე.

“მათ წერილში ნათქვამია, რომ “ჯეოსტარელების” კონცერტი იწყება 18:00 საათზე და უნდა დასრულდეს 20:00 საათზე. ჩვენ მერიას ასეთი რამ შევთავზეთ, რომ ჩვენს მხარდამჭერებშიც არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მოსწონს და უყვარს “ჯეოსტარელები”, ჩვენც მოვალთ კონცერტზე, დავესწრებით, ხოლო როდესაც კონცერტი დასრულდება, 8 საათიდან 9 საათამდე, ჩვენ გავმართავთ უკვე ჩვენს მანიფესტაციასა და ღონისძიებას”, – აცხადებს კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს წევრი შალვა კიკნაველიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე თქმით, მათ  ქუთაისის მერიას ასევე სცენისა და საჭირო აპარატურის მონტაჟი შესთავაზეს, რომლის გამოყენებაც მათ უსასყიდლოდ შეეძლოთ “ჯეოსტარელების” კონცერტისთვის, ან იმ შემთხვევაში, თუკი მერია დაამონტაჟებდა სცენას, კონცერტის დასრულების შემდეგ “ქართულ ოცნებას” ექირავებინა მათგან სცენა და აპარატურა თავინათი ღონისძიებების გასაგრძელებლად.

“ქუთაისის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში მითითებულია, რომ ისინი მზად არიან, გამოყონ ჩვენი მანიფესტაციისთვის დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ან ნებისმიერი სხვა, ჩვენთვის სასურველი ადგილი ქალაქში”, – ამბობს შალვა კიკნაველიძე.

ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ქალაქის თვითმმართველობამ “ქართულ ოცნებას” ალტერნატიული ადგილი შესთავაზა აღმაშენებლის ძეგლთან, რკინიგზის სადგურთან.

შალვა კიკნაველიძე ამბობს, რომ კოალიცია ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, დათანხმდებიან თუ არა ქუთაისის მერიის მიერ შემოთავაზებულ ადგილზე 7 ივნისს მიტინგის გამართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი