ახალი ამბები

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

23 სექტემბერი, 2016 • 1669
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე მეტროსადგურის, “რუსთაველის”, “ისანის”, “სამგორისა” და “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასავლელი დაიტბორა. ამ დროისათვის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, მეტრო მუშაობას შეფერხების გარეშე აგრძელებს.

“ამ დროისათვის 18 საათი და 15 წუთია, ქალაქში არის სტაბილური სიტუაცია. იყო რამდენიმე წერტილი, ეს იყო რუსთაველის გამზირი და აქ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი, ფაქტიურად იქ ნორმალურია სიტუაცია, გადასასვლელი თავისუფალია, გადასასვლელში არავინ არ არის. იყო რთული სიტუაცია ახალ გზას რომ ვეძახით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, იქ ზოოპარკის მიმდებარედ გზის ერთი მონაკვეთი გაიჭედა, მაგრამ გზა გახსნილია, იქაც უკვე მოძრაობა აღდგენილია. წერეთელზე არის გარკვეული რაოდენობის წყალი, ხდება იქ სარქველების გახსნა და გადინება, ამ დროისათვის სტაბილური სიტუაციაა”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს დავით ბეროშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა. მისი თქმით, სამსახური ყველაფრისთვის მზადაა, ყველა ძალა და საშუალება მობილიზებულია, არამარტო ამ სიტუაციისთვის, არამედ უფრო რთული სიტუაციისთვისაც.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებითაც, ამ ეტაპზე ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა.

“განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა არსად გვაქვს, თუმცა ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე შეინიშნება წყლის დონის მატება. მთავარი დატბორვა არის უნივერსიტეტის ქუჩაზე, მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილზე. ასევე, გუდამაყრის ქუჩაზე არის ჩამორეცხვა. დიღმის ტერიტორიაზე ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა მეხი, თუმცა ზიანი არ არის.” – ამბობს ნარმანია.

ძლიერი წვიმა თბილისში დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. სოციალურ ქსელში მომხმარებელი ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც დატბორილი ქუჩებია ასახული.

მასალების გადაბეჭდვის წესი