ახალი ამბები

დეკანოიძემ საატესტატო გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა

31 მაისი, 2012 • 1161
დეკანოიძემ საატესტატო გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა

სამინისტროს ინფორმაციით, გამოსაშვებ გამოცდებში  მინიმალური ზღვარი მოსწავლეთა 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა, ეს რიცხვი შარშან 17%-ს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ შარშან, მინისტრის ბრძანებით, სამ საგანში ბარიერი 5.2-მდე იყო დაწეული.

გამოცდების საბოლოო სტატისტიკა ასე გამოიყურება – ბარიერი ვერ გადალახა: ქართული ენა და ლიტერატურა 1%, უცხო ენა 3%, ისტორია 1%, გეოგრაფია 1%,  ფიზიკა 3%, ქიმია 1%, ბიოლოგია 1%, მათემატიკა 1%

”2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების წარმატება პირველ რიგში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებამ, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებამ, გაზრდილმა მოტივაციამ, სკოლებში „აინშტაინის ლაბორატორიების“ დანერგვამ განაპირობა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს, მათგან ბარიერი 10%-მა ვერ გადალახა, რაც სამინისტროს შეფასებით ასევე კარგი მაჩვენებელია.

”ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. ამის გარანტი სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელობაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საატესტატო გამოცდები, გასული წლის მსგავსად, წელსაც ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. გამოცდებში 41 ათასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი