საქართველოს მთავარი პროკურატურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე შსს-ს მიერ არასათანადო გამოძიების შესწავლას იწყებს.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატმა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ფაქტის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტო ადასტურებდა ძალადობის, მათ შორის, შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტის არსებობას, მაგრამ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება.
“პოლიციის ორგანოსთვის ძალადობის არარსებობის დასადგენად საკმარისი აღმოჩნდა სავარაუდო მოძალადესთან გასაუბრება, რომლის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ძალადობის ფაქტების უარყოფა.”
ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურადღების მიღმა დარჩა ინფორმაცია, რომელსაც დაზარალებულის მეზობლები ფლობენ, დაზიანებები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აღენიშნებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე არ ჩანდა, გამოიკითხეს თუ არა თავად მსხვერპლი. რაც მიუთითებს სამართალდამცავთა უნარ-ჩვევების ამაღლების საჭიროებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის დასადგენად.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ქალი წლების განმავლობაში განიცდიდა ძალადობას ძმის მხრიდან. ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას:
“ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა სპეციფიკური მკურნალობის კურსი და სტაციონარიზაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადე სარგებლობდა მისი პენსიით, არ სურდა შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილება.”