ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროსთან ხარაგაულში გაფიცული მუშების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

22 სექტემბერი, 2016 • 1626
ჯანდაცვის სამინისტროსთან ხარაგაულში გაფიცული მუშების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო  გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ასამდე მუშა უკვე ოთხი დღეა გაფიცულია.  23 სექტემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან  “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მუშებისა და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებით  საპროტესტო  აქცია გაიმართება.

მუშების ძირითადი მოთხოვნებია: უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, წერილობითი ვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება გაზრდილი  ტარიფით, შვებულების გამოყენების უფლება, სპეცტანსაცმლითა და სხვა დამცავი  საშუალებებით აღჭურვა, მძიმე და მავნე სამუშაოს შესრულებისათვის კანონმდებლობით  გათვალისწინებული დამატებითი შვებულებით სარგებლობის უფლება, სადღესასწაულო  დღეებში გაწეული შრომის სათანადო ანაზღაურება და კოლექტიური ხელშეკრულების  გაფორმებაა.

“შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს. ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ელჩსაც შეხვდა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს. ვაგრძელებთ გაფიცვას, ხვალ აქციას ვგეგმავთ. თუ კიდევ უარი განაცხადეს ჩვენი მოთხოვნების შესრულებაზე, მაშინ სხვა ზომებს მივმართავთ. თუ უკიდურეს მდგომარეობდამდე მიგვიყვანეს, მშენებლობის პიკეტირებაც შეიძლება, ” – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა მინდია ოკრიბელაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩინური კომპანიის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია ორი საკითხის გარდა. მისივე თქმით, შეხვდა  ჩინეთის სახელმწიფოს ატაშესა და კონსულს საქართველოში, სადაც ეს საკითხები განიხილა:

“ეს საკითხები საჭიროებს სწორ ფორმულირებას და ხელშეკრუელბაში გაწერას. ეს ორი საკითხი ეხება ხელშეკრულების ვადას და სამუშაო გრაფიკს. ველოდები მათ გადაწყვეტილებას. ის ბერკეტები, რაც მოალაპარაკებების პროცესში შეიძლებოდა გვქონოდა, თითქმის ამოწურულია. თუ ხელშეკრულებები გაფორმდება, დავა მშვიდობით მოგვარდება. ხელშეკრულების სხვა საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია,” – აღნიშნავს ლევან ჟორჟოლიანი.

ადამიანის უფლებების საწვლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს ჩაგვრისგან ვერ იცავს:

“მივიჩნევთ, რომ ზვარეში დასაქმებული მუშების მძიმე სამუშაო პირობები არ არის კერძო  შემთხვევა და ის შრომითი ექსპლუატაცია დაშვებული პრაქტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას  წარმოადგენს, რაც გამოწვეულია სახელმწიფოს არაეფექტური შრომის პოლიტიკით, რომელიც  სუსტი და გაუმართავი აღსრულებითი მექანიზმების პირობებში ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან და დამსაქმებელთა ძალაუფლებისგან,” – აღნიშნულია EMC-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი