ახალი ამბები

შაშკინის უწყება ყალბი ატესტატების გაცემას უარყოფს

30 მაისი, 2012 •
შაშკინის უწყება ყალბი ატესტატების გაცემას უარყოფს

სამინისტროს განცხადებით, სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემასთან  დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება:

 

”სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღეს 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება”, – ნათქვამია განცხადებაში. მათი ინფორმაციით, პირველ კატეგორიაში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები შედიან, რადგან მათ სკოლის გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლიეს. მეორე კატეგორიაში კი 14 განსაკუთრებით ნიჭიერი ქართველი მოსწავლე წარმოადგენს, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარეს:

 

”ამ უნივერსიტეტებს  გააჩნიათ საკუთარი საგამოცდო სისტემა, რომელიც დროში ემთხვევა  საქართველოში მიმდინარე სკოლის გამოსაშვებ  გამოცდებს. გამომდინარე იქიდან, რომ დაცული იქნეს თითოეული მოსწავლის უფლება, სამინისტრომ მიიღო ამ მოსწავლეებზე სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის გადაწყვეტილება. სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ საქართველოში  ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამ რეფორმის ავტორი იყო, რამაც ყალბი ატესტატების გაცემის თეორიული შესაძლებლობა შეცვალა. რეფორმის შედეგად ატესტატის გაცემის უფლება დირექტორს აღარ აქვს და პროცესის განხორციელება ცენტრალიზებულად ხდება.

 

”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიყალბე არის ყალბი ინფორმაციის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემისას ადგილი არ ქონია, ვინაიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატები, რომლებიც სამინისტროს მიერ გაიცა, არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შეიცავს კანონით განსაზღვრულ ყველა დამცავ მექანიზმს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შარშან, 2011 წელს, 600 ყალბი ატესტატი გასცა,“- ასეთი განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა  ტელეკომპანია მაესტროსთან საუბარში გუშინ გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი