ახალი ამბები

ჩემს მეუღლეს ხშირად პირველ ნახევარს ვეძახი – ივანიშვილის განმარტებები გენდერულ კვოტირებაზე

22 სექტემბერი, 2016 • 1989
ჩემს მეუღლეს ხშირად პირველ ნახევარს ვეძახი – ივანიშვილის განმარტებები გენდერულ კვოტირებაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში კვოტირების დაწესება უნდოდა, თუმცა მისი გუნდის წევრები ბობოქრობდნენ და ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს კახეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ყოფილი პერმიერის თქმით, მან ყველაფერი კარგად იცის გენდერული მდგომარეობის შესახებ და ამბობს, რომ ძალიან გონიერი ქალები გვყავს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ასე უხეშად გენდერული თანასწორობის დარღვევა პარლამენტში სირცხვილია:

“მე მქონდა მცდელობა და ვთხოვე ჩემს მეგობრებს პარლამენტში; თემურ ჭკუასელი იყო ინიციატორი, თუ მიაქციეთ ყურადღება – კვოტის დაწესებაც კი გვინდოდა. ბატონ თემურს აქტიურად ვთხოვე, რომ იქნებ დაგვეწესებინა კვოტები და მიგვეცა მეტი სტიმული პარტიებისთვის, რომ მეტი ქალბატონები წარმოდგენილიყვნენ პარლამენტშიც და მთავრობაშიც. საერთოდ, ახლა მამაკაცი ვარ და სულაც არ მერიდება იმის თქმა, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს და სულაც არ არის ის, რასაც ვერ ვახერხებთ ჩვენ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომ აქ დარღვეულია თანასწორობა, რეალობა არის განსხვავებული: მე ოჯახებიც ვიცი, დამოკიდებულებაც ვიცი, ყველაფერი ვიცი – ქალბატონებს აქვთ ნახევარი ძალაუფლება და ნახევარზე მეტიც. “მეორე ნახევარი” და “მეუღლე” – ეს სიტყვები ჩვენ კარგად გვაქვს დაფუძნებული და აბსოლუტურად ვამართლებთ. ამ დროს პოლიტიკაში, პრინციპში, სირცხვილია, მე თუ მკითხავთ, რომ ასე უხეშად არის დარღვეული [გენდერული ბალანსი].”

ივანიშვილის თქმით, გენდერული ბალანსის დარღვევის მიზეზი შეიძლება აზიური გავლენა იყოს, რადგან დიდი ხანია ჩვენი ქვეყანა თვითონ არ გვიმართავს.

“იქნებ ის იყოს მიზეზი, რომ დიდი ხანია ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ არ გვიმართავს და აზიურმა “გადაგვქაჩა”. ჩვენ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე ვართ და აზიურმა ჩვენში ცოტა უფრო მეტი იმუშავა, შეიძლება. მე მგონი, უახლოეს დროში გამოვასწორებთ ამას. ბევრს ჰგონია, რომ ბუნებრივად უნდა გამოსწორდეს, თუმცა ცოტა ხელოვნურად დახმარება არ აწყენდა, მაგრამ არ დამიჯერეს და ვერ მოხდა ეს, პარლამენტში კვოტის დაწესება; ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ და ვერ გამოვიდა. თამარ მეფით დავიწყოთ და ვიამაყოთ ჩვენი ისტორიით. მე მივესალმებოდი [კვოტების დაწესებას]. ვფიქრობ, რომ ეს არაბუნებრივია. ჩვენი ქალები, ოჯახში თუ ვიტყვით, “მეუღლეები” და “მეორე ნახევრები” არიან. მე ხშირად პირველ ნახევარს ვეძახი ჩემს მეუღლეს. აქვთ მეუღლეებს ეს როლი რეალურად და არაბუნებრივობა შეიმჩნევა პარლამენტში და მთავრობაში,” – ამბობს ყოფილი პრემიერი.

პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში 69 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ჩააგდო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, თუკი პოლიტიკურ პარტიის/ბლოკის საარჩევნო სიაში ყოველი მესამე წევრი ქალი იქნება, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს. კანონპროექტის პირველი მოსმენით მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის ახლანდელი რედაქციის მიხედვით, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იღებს იმ შემთხვევაში, თუკი პარტიული სიების ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება (საბაზო დაფინანსება, ამავე კანონის მიხედვით, განსაზღვრულია წელიწადში 300 000 ლარით).

კანონპროექტის ავტორი “ქართული ოცნების” დეპუტატი თემურ ჭკუასელია. მისი აზრით, მართალია, დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების დაცვის შემთხვევაში პარტიების ფინანსურ წახალისებას, მაგრამ უმაღლეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში ქალ წევრთა რაოდენობა მაინც მცირეა.

გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვას ქალთა მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ნაწილი რამდენიმე წელია უშედეგოდ მოითხოვენ. მეორე წელია, 8 მარტს, საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში კვოტირების სისტემის დანერგვის მოთხოვნით აქცია–მსვლელობებიც იმართება. კამპანია #პოლიტიკაSHE ქალთა საინიციატივო ჯგუფმა იმ პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისთვის დაიწყო, რომლებიც დაგენდერული კვოტის აუცილებლობაში დარწმუნებულები არ არიან. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ლექცია-დისკუსიები, რომლის მიზანია ქალების პოლიტიკაში ჩართულობისა და გენდერული კვოტირების სისტემის დანრეგვის აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი