ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთის მორიგ შემოტევას ოქტომბრის არჩევნებზე ველოდები

30 მაისი, 2012 •
სააკაშვილი: რუსეთის მორიგ შემოტევას ოქტომბრის არჩევნებზე ველოდები

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან შეხვედრა

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინშთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რიგის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ეს მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის.

“რუსეთთან მიმართებაში ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად,  კონსტრუქციული, მოქნილი ვიყოთ. მაგრამ რუსეთთან თანამშრომლობისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ
რუსეთი გახდება ნორმალური ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება.

“თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები. ახლა ყურადღებას მთლიანად ვუთმობთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ პროგრესს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ამას გარდა, ჩვენ ხელს ვუწვდით რუსეთს, რაც გამოიხატება იმით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. ქართველებისთვის რუსული ვიზის მიღება შეუძლებელია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა. წელს რუსეთიდან მილიონამდე მოქალაქე ჩამოვა საქართველოში. ჩვენ ასევე ხელი გავუწოდეთ უამრავ რეგიონს  ჩვენს სამეზობლოში. იმედი გვაქვს, რომ რუსეთშიც შეიცვლება აღქმა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, როდესაც ტრადიციული დიპლომატია ჩიხშია შესული, აუცილებელია სახალხო დიპლომატია:

“რუსულ პოლიტიკაში ახალი არაფერია – მათთვის ტერიტორიების ოკუპაცია ჩვეულია და მათ ეს  ბევრ ქვეყანაში გააკეთეს – ჩვენთან, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში… არც მთავრობების დამხობაა მათთვის უცხო. ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტი ერთი საათის განმვალობაში გაანადგურეს. საქართველოში კი იმისთვის შემოიჭრნენ, რომ მე მოვეკალი და მთავრობა დაემხოთ, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. მათ მორიგ შემოტევას ოქტომბრის არჩევნებზე ველოდები. მგონია, რომ ეს მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის. რუსეთთან მიმართებაში ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად,  კონსტრუქციული, მოქნილი ვიყოთ. მაგრამ რუსეთთან თანამშრომლობისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ლატვიელ კოლეგას, ხოლო დღეს ლატვიის სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს და დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი