„წარმოგიდგენთ „ჯანდაცვის ომბუდსმენს”, რომლის მთავარი მიზანი იქნება, დაიცვას სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეთა უფლება, შეუფერხებლად და დროულად მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებას საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამედიცინო მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი – სოფიო ლებანიძე, წარუდგინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფიო ლებანიძეს 2010-2012 წლებში სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი”-ს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო მანამდე, 2007-2010 წლებში, სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
“2012 წლის ბოლოს თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ისარგებლებს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებით. დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, მათი უფლებების დაცვა, სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება შედეგად მოიტანს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიები დროულად მოახდენენ სამედიცინო დაწესებულებებთან ფინანსურ ანგარიშსწორებას. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა, ერთი მხრივ, პაციენტებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ხოლო, მეორე მხირვ, მედპერსონალისათვის შრომის დროული ანაზღაურება უნდა უზრუნველყონ.
სამედიცინო მედიაციის სამსახურის თანამშრომლების შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 1221-მა ადამიანმა მიიღო. განაცხადების მიღება 2012 წლის 12-დან 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ძირითადი მოთხოვნები იყო: მაგისტრის ხარისხი, მაღალ მენეჯერულ თანამდებობაზე საქმიანობის მინიმუმ 5– წლიანი გამოცდილება და ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





