„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შარშან, 2011 წელს, 600 ყალბი ატესტატი გასცა,“- ასეთი განცხადება გააკეთა მაია მიმინოშვილმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტელეკომპანია მაესტროსთან საუბარში დღეს, 29 მაისს, თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს.
ეთერში მან გაიხსენა, რომ შარშან, 2011 წლის აგვისტოში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის გამყოფილებაში რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა და პრეტენზია განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მიეცათ.
მიმინოშვილის განმარტებით, ცენტრმა გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ისინი საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილები იყვნენ, თუმცა ატესტატი მაინც მიღებული ჰქონდათ.
„გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სატესტატო გამოცდებში ატესტატი 600 ჩაჭრილს ჰქონდა მიღებული. სახტად დავრჩი. იმ საღამოსვე მივედი დიმიტრი შაშკინთან. მან მიპასუხა, რომ ასე იყო საჭირო პოლიტიკურად და დამაბარა, თანამშრომლებთან მეთქვა, თითქოს ეს ატესტატები ყალბი იყო. ჩვენგან ეს ამბავი მაშინ არ გახმაურებულა, პირში წყალი ჩავიგუბეთ, თავი შევიკავეთ, რადგან არაფერი ეშველებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ გავაგრძელებდით ჩვენს საქმეს,“- ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი.
მიმინოშვილი იხსენებს, რომ მომხდარიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მას დიმიტრი შაშკინმა დაურეკა და უთხრა, „სულ დამავიწყდა, მათ სხვა სერიის ატესტატები გადავეცითო.“
მიმინოშვილი აღნიშნულს ნონსენსს უწოდებს და განმარტავს, რას გულისხმობდა მინისტრის ბრძანებით გაცემული სხვა სერიის ატესტატი.
„ამ ტიპის ატესტატით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძლების უფლება არ გაქვს და მისი გამოყენება საზღვარგარეთ შეიძლება. ეს საერთოდ საერთაშორისო სკანდალია, ვინაიდან ეს ატესტატი არის საერთაშორისოდ აღიარებული ბეჭდით, აპოსტილით დამოწმებული და მას სხვა ქვეყანა აღიარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ ვაღიარებ ამ ატესტატს, მაგრამ საფრანგეთში, მაგალითად, სორბონას უნივერსიტეტი აღიარებს. შემდეგ ითქვა, რომ ეს ატესტატი იმათთვისაა, ვინც, მაგალითად, წავა სომხეთში, ან აზერბაიჯანში და იქ გააგრძელებს სწავლას. სომხეთი და აზერბაიჯანი შეიძლება მოატყუო და საფრანგეთი არა?“- განაცხადა მიმინოშვილმა.





