ახალი ამბები

შეუძლიათ თუ არა საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები

29 მაისი, 2012 • • 1331
შეუძლიათ თუ არა საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მას მორალურად გამართლებულ საქციელად არ მიაჩნია, როდესაც საჯარო მოხელე ოპოზიციის აქციაში მონაწილეობს:

 

“თუ მე არ მომწონს ჩემი პოლიტიკური ჯგუფი, არ მომწონს ის უწყება, სადაც ვმუშაობ და მე ამას რეგულარულად გამოვხატავ, მე დავფიქრდები, მიღირს თუ არა აქ ყოფნა”, – აცხადებს წერეთელი.

 

მისივე თქმით, სამართლებრივად ამას შეიძლება რეაგირება არ მოჰყვეს:

 

“არც უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ეს ჩემი პრინციპია, მაგრამ ადამიანი, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, იმავე სამსახურის საწინააღმდეგო მიტინგებზე თუ დადის, ამ შემთხვევაში მან უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არ მიმაჩნია მორალურად, რომ ადამიანი მუშაობდეს სახელმწიფო სამსახურში და ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგებზე დადიოდეს”, – აცხადებს გიგი წერეთელი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

გიგი წერეთელმა ეს შეფასებები გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზის კომენტირებისას გააკეთა. მიმინოშვილი დიმიტრი შაშკინმა 28 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან, წინა დღით კი, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, მისი შვილი – ლაშა ყანჩაველი “ქართული ოცნების” საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე. მოგვიანებით კი, მიმინოშვილის ძმამ, ზაზა მიმინოშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისს ის ტელეფონით ესაუბრა “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერს მაია ფანჯიკიძეს, მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და წარმატებები უსურვა 27 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით..

 

გიგი წერეთელი ამბობს, რომ ვერ იხსენებს ისეთ მაგალითებს ევროპის ქვეყნებში, როდესაც საჯარო სამსახურში მყოფი პირი ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა:  

“მე ბევრს დავდივარ ევროპაში, ვარ ერთ-ერთი დიდი ევროპული საპარლამენტო გაერთიანების პრეზიდენტი. სიმართლე გითხრათ, ასეთი მაგალითები არ ვიცი. მსგავს შემთხვევაში, ევროპაში ასეთი პირები შეუთავსებლობის გამო თვითონ ტოვებენ სამსახურს, გადადგებიან და ღიად აგრძელებენ თავის ოპოზიციურ საქმიანობას”, – ამბობს წერეთელი.  

წერეთლის პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნულ საკითხში მორალურ შეუთავსებლობას ვერ ხედავს უმრავლესობის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა ოჩიაური:

“მე არ ვთვლი, რომ მორალურად შეუთავსებელია, თუ პიროვნება საჯარო სამსახურშია და ოპოზიციის აქციაში იღებს მონაწილეობას. ვთვლი, რომ მათ აქვთ სრული უფლება, ემსახურონ სახელმწიფოს, სახელმწიფო სტრუქტურას, რადგან ეს სახელმწიფო სტრუქტურა არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილება. შესაბამისად, მათ აქვთ სრული მორალური უფლება, ითანამშრომლონ, იმუშაონ საჯარო სტრუქტურაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა”, – აღნიშნავს ოჩიაური და აქვე დასძენს, რომ, მაგალითად, პარლამენტში არასდროს ყოფილა პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნის, ან რაიმე სახით შევიწროების ფაქტები:

“მარტივად გეტყვით, პარლამენტში სხვების აზრი არ ვიცი, არც მიკითხავს ჩემი თანამშრომლებისთვის მათი პოლიტიკური მოსაზრებების თაობაზე. კობა დავითაშვილის მეუღლე აქ მუშაობს წლების მანძილზე და ამ მხრივ პრობლემა არ შექმნია”, – ამბობს  ოჩიაური.  

ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აქცენტს კოპენჰაგენის ეუთოს დოკუმენტზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტით არსებობს ძალიან მკაფიო გამყოფი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის:

“სახელმწიფო ბიუროკრატიაში ყოფნა არ უნდა ნიშნავდეს, რომ ავტომატურად ესა თუ ის პიროვნება მმართველი პარტიის წევრი ან მხარდამჭერია. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეს გამოხატვის უფლება მაინცდამაინც უკავშირდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოხატვას. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ ბიუროკრატიაში არ შეიძლება მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს, ეს არის სწორედ კოპენჰაგენის, ეუთოს ფუნდამენტალური პრინციპების დარღვევა”, – მიიჩნევს ვეფხვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ საჯარო მოხელის დაფინანსება ხდება მთელი საქართველოს გადასახადების გადამხდელის მიერ, ამიტომ მისი პოლიტიკური პოზიცია, მისი პოლიტიკური მისწრაფებები – ეს არის მისი პირადი საქმე და როგორც უნდა, ისე გამოხატავს ამ პოლიტიკურ მისწრაფებებს:

 

“რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს სამუშაო საათებში, ამან არ უნდა დააზარალოს ის პროცესი, რომელიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თუ მას თავისუფალ დროს აქვს სურვილი, გამოთქვას თავისი პოლიტიკური მოსაზრება და მიიღოს მონაწილეობა აქციაში, ეს უნდა განახორციელოს შეუფერხებლად და ნებისმიერი სხვა შემთხვევა კი არის თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ჩემი, როგორც დეპუტატის, აზრი არის ის, რომ ყოვლად მიუღებელია ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ვინმე დევნიდეს”, – აღნიშნავს დეპუტატი წიკლაური.

მმართველ პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ საჯარო სამსახურში შესვლისთვის არ არსებობს მოთხოვნა, რომ პირი აუცილებლად მმართველი პარტიის მხარდამჭერი უნდა იყოს:   

“მსგავსი მოთხოვნა არ არსებობს. პირიქით, საჯარო სამსახურის კანონში არის წინ წამოწეული არაპარტიულობის პრინციპები. უფრო დეპოლიტიზაციასა და ნეიტრალობაზე არის საუბარი”, – აღნიშნავს პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი