ახალი ამბები

პროკურატურამ ბადრი ბიწაძის დაპატიმრება მოითხოვა

20 ივნისი, 2011 • 1272
პროკურატურამ ბადრი ბიწაძის დაპატიმრება მოითხოვა

გუშინ საქართველოს პროკურატურამ  შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ბადრი ბიწაძის მიმართ, ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევის გამო, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შესახებ. ამ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს ავრცელებს.

პროკურატურის შუამდგომლობაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი 30 მაისს  სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა და აღკვეთ ღონისძიებად გირაოს გადახდა მოითხოვა.

აღნიშნული მუხლი განიმარტება, როგორც ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის თხოვნა და ბიწაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს გადახდა დაავალა 100 ათასი ლარის ოდენობით.

ბადრი ბიწაძეს გირაო არ გადაუხდია კანონით დადგენილ ვადაში, რის საფუძველზეც  პროკურატურამ დღეს მიმართა სასამართლოს და ბიწაძისთვის წინასწარი პატიმრობის  შეფარდება თხოვა.

ბადრი ბიწაძის ადგილისამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. “ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა, 30 მაისს იუსტიციის სამინისტროში უპასუხეს, რომ “ბიწაძე ითანამშრომლებს გამოძიებასთან”.

დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი