ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი „შუშის ხიდის“ წინააღმდეგ

29 მაისი, 2012 •
ბიძინა ივანიშვილი „შუშის ხიდის“ წინააღმდეგ

„ძვირფასო მეგობრებო, გვაინტერესებს თბილისელების აზრი რიყეზე, სააკაშვილის მიერ ჩადგმულ “მშვიდობის ხიდთან” დაკავშირებით. თქვენი აზრით, იყო თუ არა საჭირო ამ უბანში ძვირადღირებული საფეხმავლო ხიდის ჩადგმა? ჯდება თუ არა ხიდი ძველი თბილისის არქტიტექტურულ კომპლექსში? თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ხიდის დემონტაჟი და სხვა, უფრო შესაფერის ადგილზე გადატანა? სად შეიძლებოდა ამ ხიდის გადატანა? თუ უკეთესია ხიდის ხელუხლებლად დატოვება?“ – „ფეისბუკის“ „ქართული ოცნების“ სპეციალურ გვერდზე ეს კითხვარი დღეს გაჩნდა. დასმულ კითხვას ორ საათში 120–მა მოქალაქემ უპასუხა.   

 

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი კრიტიკული განცხადება რიყეზე აგებული „მშვიდობის ხიდის“ შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ 2011 წლის 7 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:  

“შუშის ხიდი უნიკალურია სააკაშვილის სახის საჩვენებლად. მან რამდეჯერმე თქვა, რომ არქიტექტურა იტაცებს. მე აქტიურად ვთანამშრომლობ მსოფლიოს ცნობილ არქიტექტორებთან. ვინც ჩემთან ჩამოდის, ყველას ნანახი აქვს შუშის ხიდი და გაოგნებულები არიან. ვინ მოიფიქრა ისეთი ხიდი, სადაც არქიტექტურის ყველა კანონიკაა დარღვეული და არც ხიდად ვარგაო”, – აცხადებს ივანიშვილი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამ ხიდის ავტორი არქიტექტორი კი არა, დიზაინერია.

“შუშის ხიდს უმეცრების მეტს ვერაფერს დავარქმევ… სააკაშვილის პორტრეტი თუ გინდათ, შეხედეთ შუშის ხიდს და მკაფიოდ დაინახავთ მის სახეს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ მას ვერ გაუცნობიერებია ერთი რამ – არ შეიძლება ერთმა კაცმა ყველაფერი იცოდეს”, – განმარტავს ბიზნესმენი.

 

„მშვიდობის ხიდი“, პრეზიდენტის ინიციატივით და თბილისის მერიის დაკვეთით 2009-10 წლებში აშენდა.   ხიდი 2010 წლის 6 მაისს ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის არქიტექტორია იტალიელი მიკელე და ლუკი (შსს-ს ახალი შენობისა და პრეზიდენტის სასახლის პროექტების ავტორი), ხოლო განათების დიზაინერი – ფრანგი ფილიპ მარტინო (ასევე, შსს-ს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი).

 

„მშვიდობის ხიდი“ რიყის ერთიანი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოიაზრება. ოფიციალური ინფორმაციით, ხიდის საერთო ღირებულებამ (რიყის პროექტის გარეშე) 12.5 მლნ ლარი შეადგინა. ხიდის ასაგებად ფული თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო. მშენებლობას იტალიური კომპანია „პერმა სტელიზა“ აწარმოებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი