ნეტგაზეთი | ნაცვლიშვილი: წინასაარჩევნოდ 26 მაისის კადრების გამოქვეყნება კითხვის ნიშნებს აჩენს ნაცვლიშვილი: წინასაარჩევნოდ 26 მაისის კადრების გამოქვეყნება კითხვის ნიშნებს აჩენს – Netgazeti
RU | GE  

ნაცვლიშვილი: წინასაარჩევნოდ 26 მაისის კადრების გამოქვეყნება კითხვის ნიშნებს აჩენს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პროკურატურის მხრიდან 2011 წლის 26 მაისის კადრების გამოქვეყნება კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ეს კადრები სიახლეს წარმოადგენს.

“ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა და რომლის საფუძველზეც კიდევ რამდენიმე პიროვნებას წაუყენეს ბრალი, სიახლეს წარმოადგენს. თავისთავად, ამ კადრების გამოქვეყნება მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, აჩენს კითხვის ნიშნებს. საუბარი პროკურატურის და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზებაზე ჯერ ნაადრევია და არარეალური. რა თქმა უნდა, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს; რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა გამოძება და რატომ ვერ/არ მოხდა და რატომ არ იყო (თუ არ იყო) პროკურატურისთვის ეს მასალა ხელმისაწვდომი, მით უმეტეს, როგორც პროკურატურის განცხადებაშია საუბარი, მათივე ოპერატორის მიერ არის ეს ვიდეო ჩაწერილი. მნიშვნელოვანი იქნება, რომ თვითონ პროკურატურამ გასცეს ამ კითხვებს პასუხი, რომ არ გაჩნდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, დავსვათ კითხვები და დაგვრჩეს განცდა, რომ ეს ყველაფერი უკვაშირდება პოლიტიკურ პროცესებს,” – ამბობს ნაცვლიშვილი.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, წინასაარჩევნო პერიოდი არ ნიშნავს იმას, რომ გამოძებამ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს. მისი თქმით, თუ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, პროკურატურამ უნდა გააგრძელოს გამოძიება და გადადგას ის ნაბიჯები, რაც კანონით ევალება. თუმცა საიას თავმდჯომარე მიიჩნევს, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, ჩნდება კითხვები, რასაც თავისი საფუძველი გააჩნია:

“2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ექსპერტი საუბრობდა იმაზე, რომ ახალ ხელისუფლებას სჭირდებოდა მკაფიოდ გაწერილი პოლიტიკა და კრიტერიუმები, რა მიდგომითა და თანმიმდევრულობით დაიწყებდა ის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამოძებას. ეს პროცესი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და გარკვეულ თანმიმდევრულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული იმიტომ, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული შერჩევით სამართლის განცდა. სწორედ ამაზე წერდა თომას ჰამერბერგი ჯერ კიდევ 2013 წელს, რომ ასეთი გამჭვირვალე და კრიტერიუმებზე დაფუძნებული პოლიტიკა/პროცესი სახელმწიფოს დასჭირდებოდა, რათა არ გაჩენილიყო შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა. სამწუხაროდ, დღემდე სიცხადე ამ მიმართულებით არ არსებობს. არც ის ვიცით, რის მიხედვით იძიებს და ანიჭებს თუ არა ამა თუ იმ საქმეს პროკურატურა გარკვეულ პრიორიტეტებს. მარტივად რომ ვთქვათ, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას, პროკურატურასაც აქვს შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსები. როგორ ანაწილებს პროკურატურა ამ რესურსებს და რა ნიშნით ანიჭებს გარკვეულ საქმეებს პრიორიტეტს, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც საზოგადოება უფლემამოსილია იყოს ინფორმირებული. რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხი შეამცირებს შეგრძნებებს, რომ ეს პროცესები შეიძლება არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და არა მხოლოდ სამართლებრივად,” – ამბობს საიას თავმჯდომარე.

მისი თქმით, ამ საქმეებს თავისთავად აქვს სამართებრივი სარჩული და არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ მძიმე უფლებების დარღვევები იყო ჩადენილი. ნაცვილიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა ვალდებულია, კონკრეტული ადამიანები გამოკვეთოს, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ამ უფლებადარღვევების ჩადენისას, თუმცა ამის უკან შეიძლება იყოს პოლიტიკური მოტივაციაც:

“ამ ეჭვების გაქარწყლება არის პროკურატურის ვალდებულება. სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით სიცხადე ამ მიმართლებით ნაკლებია. 26 მაისის საქმე, რა კრიტერიუმიც არ უნდა იყოს შემუშავებული, ყველა შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება და ეს სადავო არ არის. თუმცა ზოგადად, წარსული საქმეების გამოძების მიმართლებით, რა ხედვა, რა პოლიტიკა, რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს – აქ სიცხადის შეტანა შეამცირებდა პოლიტიკური მანიპულაციების რისკებს; ვიღაცამ ეს დარღვევები გამოიძია არა იმიტომ, რომ მსხვერპლთა უფლებები აღელვებს და მათი უფლებების აღდგენა უნდა, არამედ იმიტომ, რომ მის პოლიტიკური დღის წესრიგში ჩადგეს დღეს ამ საქმის გახსენება, მაგრამ ხვალ რომელიმე სხვა საქმის დავიწყება.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარის განცხადებით, დღეს მომხდარი ფაქტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სჭირდება გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესის გავლა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  წარსულთან დაკავშირებით მინიმალური კონსესუსი მაინც შედგეს. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს წარსულით პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობები.

“ეს გარდამავალი პროცესი გაიარა ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც მეტ-ნაკლებად მსგავსი ისტორიული გამოცდილება ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი საქართველომაც გაიაროს. ეს არ უნდა დაემგვანოს პოლიტიკურ რევანშს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შედგეს – საზოგადოებამ მიაღწიოს კონსესუსს ფაქტებით იმიტომ, რომ დღეს რიგ შემთხვევაში ფაქტებზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები ისმის. მნიშვნელოვანია, ჩვენი მომავლს მშვიდი განვითარებისთვის და პროგრესისთვის, რომ წარსულთან დაკავშირებით მინიმალური კონსესუსი მაინც შედგეს და სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს ეს პროცესი. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს წარსულით მანიპულირებისა და პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობები. ქვეყნის შიგნით და გარეთ ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ წარსულს თავი უნდა დავანებოთ და წარსულში ქექვა არაფერს მოგვცემს, მაგრამ დღევანდელი და ბევრი სხვა ფაქტი, იგივე წამების კადრებისა და პირადი ჩანაწერების გამოქვეყნება, გვახსენებს, რომ წარსულის ასე გვერდზე გადადება არ მუშაობს – რაღაც პასუხი წარსულს უნდა გაეცეს. ჯობია, რომ საზოგადოებამ იფიქროს და იმუშაოს იმისთვის, რომ წარსულის საქმეებს ადეკვატური პასუხი სამართლებრივი პრინციპების დაცვით გაეცეს, თორემ ყოველთვის დარჩება სივრცე მანიპულაციებისთვის როგორც ერთ, ასევე მეორე მხარისთვის და ამ პოლიტიკურ მანიპულაციებში წაგებული, დამცირებული და ღირსებაშელახული დარჩება ისევ მსხვერპლი,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ ვიდეომასალის გამოქვეყნებას შედეგი შეიძლება სხვადასხვაგვარი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს წაუყენებენ ბრალს, პროკურატურის მხრიდან გონივრულია ყველა მტკიცებულების გასაჯაროება. თუმცა მათ ასევე უნდა იზრუნონ იმაზე, რომ წარსულის საქმეების გამოძიების მიმართ საზოგადოებაში გაჩნდეს ნდობა და არა შერჩევითობის კითხვის ნიშანი:

“მით უმეტეს, გამოქვეყნებული ვიდეომასალა არ შეიცავს რაიმე ისეთ ინფორმაციას, ვთქვათ, პირად ჩანაწერებს ან ცხოვრების ამსახველ კადრებს. ამ თვალსაზრისით გასაგებია, რატომ იქცევა პროკურატურა ასე: იმისთვის, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯების დამაჯერებლობა და სამართლებრივი სისწორე დაადასტუროს. თუმცა პროკურატურამ ასევე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ზოგადად ამ პროცესის მიმართ გაჩნდეს საზოგადოებაში ნდობა და ზოგადად წარსულის საქმეების გამოძების მიმართ გაჩნდეს ნდობა და არ გაჩნდეს შერჩვითობის კითხვის ნიშანი. ამას ვერ მოახერხებს ის ცალკეულ საქმეებზე ფრაგმენტული ვიდეომასალების გამოქვეყნებით. ამას მოახერხებს ის ნათელი, განჭვრეტადი პოლიტიკის დოკუმენტისა და კრიტერიუმების შექმნით, თუ რა ტიპის საქმეებს იძიებს, რა ტიპის საქმეებს ენიჭება პრიორიტეტი, როგორ ხდება ამ საქმეების გამოძიება და ა.შ. ასე რომ, ეს უფრო ფართო საკითხია, ვიდრე მხოლოდ 26 მაისის საქმის გამოძიება, ან მხოლოდ ამ ეპიზოდის გამოძიება ამ საქმეში.”

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ის პროცესი, რომელსაც “სამართიანობის აღდგენას” უწოდებენ, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ამ ტერმინმა აზრი დაკარგა.

“რიგ შემთხვევებში ხდება ამ ტერმინის მიმართ გარკვეული ცინიკური დამოკიდებულებები, რაც, ვფიქრობ, მთლად ეთიკური და სწორი არ არის, მაგრამ ხელისუფლების მოქმედებებმა გარკვეულწილად შეუწყო ხელი ამ ტერმინისა და კონტექსტის მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნების გაჩენას, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნითა და მოტივაციით ხომ არ ხდება ისევ და ისევ კონკრეტული ადამიანების მიერ განცდილი ტრაგედიებისა და უფლებადარღვევების გამოყენება და ეს ხომ არ ამოძრავებს ხელისუფლებას, თუ მართლა დარღვეული უფლებების აღდგენა ამოძრავებდა. ამ მთავარ კითხვას უნდა გასცეს ხელისუფლებამ პასუხი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს უნდა იყოს ის დამაჯერებელი და თანმიმდევრული, რომ საზოგადოებაში ნდობა შექმნას ამ პროცესის მიმართ. მარტო ერთი ვიდეოს გასაჯაროება/არგასაჯაროება არ არის საკმარისი ამ ნდობისა და ლეგიტიმაციის შესაქმნელად,” – ამბობს ნაცვლიშვილი.

26 მაისის საქმეზე დიდი ხანია მიმდინარეობს გამოძება და პროცესში საიაც გარკვეულწილად მონაწილეობდა. 2011 წლის 26 მაისს, როდესაც ეს დარბევა მოხდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები ამ ფაქტების დოკუმენტირებაში მონაწილეობდნენ. საიას მომზადებული აქვს მრავალგვერდიანი ანგარიში, სადაც დეტალურად არის საუბარი კონკრეტულ დარღვევებზე, რომლებსაც სამართლებრივი კვალიფიკაცია აქვს მიცემული. ნაცვლიშვილის თქმით, საიას ანგარიში გამოძების მასალებში დევს, ხოლო მათი რამდენიმე თანამშრომელი გამოძიების ფარგლებში დაიკითხა კიდეც.

საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ამავე საქმეზე მსჯავრდებულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად ასევე დაბარებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, 26 მაისის საქმეზე ახალი გარემოება გამოვლენდა: მოიპოვეს გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომლებიც იმავე ღამეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ არის გადაღებული. პროკურატურის განცხადებით, კადრებში ასახულია, თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას 2011 წლის 26 მაისს დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ 26 მაისის საქმეზე გავრცელებულ ვიდეომასალაზე ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს კადრები არის დამონტაჟებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.