საქართველოს პრეზიდენტს დღეს, 28 მაისს ქუთაისში, სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა შეკრებილი მოსახლეობა.
შეკრებილებს შორის ძირითადად იყვნენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები.
ამის მიუხედავად, გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები – საავადმყოფოს ტერიტორია რკინის მესერით იყო შემოღობილი, სადაც პოლიციელები იდგნენ, რომლებიც პრეზიდენტის დასახვედრად მისულ მოქალაქეებს დეტექტორით ამოწმებდნენ და ახსნევინებდნენ ხელჩანთებს.
აქტივისტების მობილიზაცია კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ნაციონალებმა” დღის 2 საათიდან დაიწყეს. პრეზიდენტი კი ქუთაისში 18:00 საათზე ჩავიდა.
ოთხსაათიანი ლოდინის დროს რამდენიმე მოქალაქეს გული შეუწუხდა და მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა გახდა აუცილებელი. შეუძლოდ გახდა სკოლის მოსწავლე გოგონა ზუსტად იმ დროსაც, როცა მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, რომელსაც ქუთაისის კლინიკის გახსნის დროს წარმოთქვამდა, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. ამის გამო სააკაშვილმა რამდენიმე წამით შეწყვიტა სიტყვა და გოგონას ჯანმრთელობის ამბავი მოიკითხა.
სააკაშვილმა ქუთაისში სადაზღვეო კომპანია „ალდაგი ბისიას“ მიერ, ჰოსპიტალური განვითრების პროექტის ფარგლებში, აშენებული „იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფო“ გახსნა. საავადმყოფო, რომლის შესაქმნელად 16 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, 100 პაციენტზეა გათვლილი და მასში სამასამდე ექიმი უნდა დასაქმდეს.
თუმცა მანამდე სამედიცინო პერსონალის ნაწილი გაათავისუფლეს სამსახურიდან: ეთერ კაკაბაძემ, რომელიც კლინიკურ საავადმყოფოში 25 წლის მანძილზე მუშაობდა და დაითხოვეს, პრეზიდენტს წერილი გადასცა, რომელშიც წერს, რომ ის და მასთან ერთად 120 ექთანი უსამართლოდ გაათავისუფლეს კლინიკიდან.
„საავადმყოფოში. „ბლოკ-ჯორჯია“ ვერ მართავდა საავადმყოფოს. გაურკვეველ სიტუაციაში იყო კოლექტივი. სრულიად შემთხვევით განყოფილების გამგეებმა, პროფკავშირებმა მოიწვიეს კრება და ამ კრებაზე დავწერე ოქმი, გათავისუფლების მიზეზი იყო ეს,“ – უთხრა “ნეტგაზეთს” ეთერ კაკაბაძემ.
დღესვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისის ძველ უბანში, თეთრი ხიდის მიდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „Empire hotel” გახსნა, რომელიც “შიტრიტ ჯგუფის” მიერ აშენდა.