ახალი ამბები

მოსამართლე ბესელიას დარბაზიდან გაგდებით ან დაჯარიმებით დაემუქრა

28 მაისი, 2012 • 992
მოსამართლე ბესელიას დარბაზიდან გაგდებით ან დაჯარიმებით დაემუქრა

კონტროლის პალატამ 14 მაისს 4 მლნ 760 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია “მენეჯმენტ სერვისი”, რომელმაც “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა.

 

კონტროლის პალატამ ექსპერტიზის ბიუროსგან გამოითხოვა, რა ჯდება საშუალოდ 1კვ.მ ფართობის გარემონტება. პასუხად მიიღო, რომ ეს ჯდება 150 ლარი. კონტროლის პალატამ, დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, ეს თანხა გადაამრავლა “ქართული ოცნების” 22 ოფისის ფართზე (სადაც ჩატარდა რემონტი) და მიღებული თანხა – 476 ათასი ლარი– მიიჩნია კომპანიის მიერ “ქართული ოცნებისათვის” გაწეულ უკანონო შემოწირულობად და დააჯარიმა ათმაგი ოდენობით.

 

“მენეჯმენტ სერვისი” კონტროლის პალატას სწორედ ამ გადაწყვეტილების უკანონობას ედავება. კომპანიის ადვოკატებმა, ბესელიამ და ბარამიძემ, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს სთხოვეს სასამართლო სხდომის 8 ივნისამდე გადადება, რადგან 7 ივნისს ცნობილი გახდება კერძო ექსპერტიზის დასკვნა. კერძო ექსპერტიზის ბიურო “ვექტორმა” 7 ივნისამდე ხარჯთაღრიცხვისა და ადგილზე დათვალიერების საფუძველზე უნდა შეისწვალოს, რეალურად რა დაჯდა “ქართული ოცნების” 22 ოფისის რემონტი.

 

მოსამართლე გვრიტიშვილმა თქვა, რომ ეს ხარჯი ისედაც დასტურდება “მენეჯმენტ სერვისის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, რომლის მიხედვითაც ეს რემონტი დაჯდა 154 ათასი ლარი. მოსამართლის თქმით, ესქპერტიზის დასკვნა რაიმე ახალ გარემოებას ვერ დაადასტურებს.

 

გარდა ამისა, კონტროლის პალატის წარმომადგენელმა სასამართლოზე წარმოადგინა კონტროლის პალატაში 14 მაისს გამართული სხდომის ოქმი, რა დროსაც დააჯარიმეს “მენეჯმენტ სერვისი”. აღიშნულ სხდომის ოქმს ადვოკატები 14 მაისიდან დღემდე უშედეგოდ ითხოვდნენ, კონტროლის პალატამ კი მხოლოდ დღეს წარმოადგინა ის სასამართლო სხდომაზე. დოკუმენტი 48– გვერდიანია.

 

ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს ამ სხდომის აუდიოვერსია, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

 

მოსამართლემ ადვოკატებს 1 საათი მისცა 48-გვერდიანი დოკუმენტის გასაცნობად. ეკა ბესელიამ და სანდრო ბარამიძემ დამატებითი დრო მოითხოვეს დოკუმენტის გასაცნობად, ასევე, მოწმეებად იმ ადამიანების გამოძახება, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ სარემონტო სამუშაოებს “ქართული ოცნების” ოფისებში, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობები დააკმაყოფილა.

 

ამის შემდეგ ბესელიამ და ბარამიძემ გვრიტიშვილის აცილების საკითხი დააყენეს. ეკა ბესელიამ მოსამართლეს უწოდა არაობიქეტური, მიკერძოებული და იგი დაადანაშაულა ფორმალური სასამართლოს მოწყობაში. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და ბესელია გააფრთხილა, რომ სასამართლოსადმი მსგავსი შეფასებები არაკორექტული და უპატივცემულობის გამოხატვაა, რისთვისაც 50-დან 500 ლარამდე ჯარიმით ან დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. ბესელიამ განაცხადა, რომ მას თავისი აზრის გამოხატვის სრული უფლება აქვს და ეს მუქარა მოსამართლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად შეაფასა, ასევე, ხელახლა გაიმეორა ის  სიტყვები, რითაც მოსამართლეს რამდენიმე წუთის წინ მიმართა და ხელმეორედ დააყენა მისი აცილების საკითხი, რასაც ბარამიძეც დაეთანხმა.

 

მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა არც სანქციები გამოუყენებია. მან სასამართლო პროცესი ერთი საათით გადადო მხარეებისთვის ოქმის გასაცნობად.

ბიძინა ივანშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია
ბიძინა ივანშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია

მასალების გადაბეჭდვის წესი