ახალი ამბები

როგორი იქნება კლინტონის დღის წესრიგი საქართველოში

28 მაისი, 2012 •
როგორი იქნება კლინტონის დღის წესრიგი საქართველოში

“ჩვენ, ბუნებრივია, პროგრამის შემუშავებაში ჩართულები ვართ, თუმცა პროგრამის ორგანიზებაზე, საბოლოო ჯამში, აშშ-ის საელჩოა პასუხისმგებელი. სავარაუდო პროგრამით, რაც ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი, 5 ივნისს ბათუმს ეწვევა კლინტონი, სადაც გაიმართება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, ოფიციალური შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც აშშ-ის მხრიდან კლინტონი, ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს”, – აცხადებს ნინო კალანდაძე.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჰილარი კლინტონი 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით იმოგზაურებს დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კავკასიის რეგიონში ვიზიტს 4 ივნისს სომხეთიდან დაიწყებს. 5 ივნისს ის გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას ბათუმში. ასევე, შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს და დისკუსიას გამართავს პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო სპექტრთან.

 

“რამდენიმე დღეში მე მექნება შანსი, ვეწვიო ბათუმს, გამოვცადო ქართველი ხალხის სითბო და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ვალდებულებები საქართველოს მომავლის მიმართ. წელს ჩვენ ავღნიშნავთ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის 20 წლისთავს. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველომ აჩვენა შთამბეჭდავი პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებისა და გლობალური უსაფრთოების პროცესებში მონაწილეობის კუთხით,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კლინტონმა საქართველოში დამოუკიდებლობის დღის მოლოცვის მიზნით 26 მაისს გამოაგზავნა.

 

ნინო კალანდაძის თქმით, ბათუმში ოფიციალური ღონისძიების შემდეგ დაგეგმილია ოთხი ძირითადი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ქარტიის ფარგლებში არსებობს, ესენია: თავდაცვის და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და ხალხთაშორისი და კულტურული თანამშრომლომლობების სამუშაო ჯგუფები.

 

კალანდაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება კლინტონის ვიზიტს:

 

“მოხარულები ვართ, რომ ეს ვიზიტი, როგორც იყო დაგეგმილი, სწორედ ისეთ ფარგლებში განხორციელდება. ეს არის აშშ-ის მხრიდან  მხარდაჭერა საქართველოსი და საქართველოს  მხრიდან რეფორმების კუთხით გადადგმული ნაბიჯებისადმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი