ახალი ამბები

სააკაშვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

27 მაისი, 2012 •
სააკაშვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სამრეწველო აღლუმში „დამზადებულია საქართველოში“ მონაწილე მეწარმეებს ქართულ-აზერბაიჯანულ ავეჯის კომპანია „ემბავუდში“  შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინსიტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე  260-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი მივიდა.


ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ სრულად იყო იმპორტზე დამოკიდებული, დღეს უკვე მძიმე მრეწველობის პროდუქციისა და სამხედრო ტექნიკის წარმოება შეუძლია.

პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარება სოციალური სტაბილურობის გარანტია.

მიხეილ  სააკაშვილმა  ქართული პროდუქციის ექსპორტისა და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ქვეყნის პირველი პირი დასაქმებისა და ტურიზმის განვითარების თემებსაც შეეხო. მისი თქმით, ტურიზმის განვითარება ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ხოლო წარმოების განვითარება და მიმდინარე მშენებლობები ბევრად მეტ პერსპექტივას გაუჩენს ხალხს დასაქმების თვალსაზრისით.


„სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამისთვის აუცილებელია, რომ გადავამზადოთ ხალხი თქვენი ბიზნესებისთვის. სპეციალისტები ყველა სფეროში გვჭირდება. ჩვენ ყველგან უნდა გვქონდეს ბევრი პატარა ბიზნესი… საქართველოს წინ წაწევისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს ყველგან – ნიუ–იორკში, ლოსანჯელესში, ვაშინგტონში ქართული ღვინის ბარი იხსნება… ასეა ევროპაში –  საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში. ღვინო ჩვენთვის ევროპელობის, ჩვენი ქრისტიანული კულტურის დამადასტურებელი საბუთია. ამიტომ გვაქვს შანსი, რომ ავითვისოთ ღვინისა და სოფლის მეურნეობის ბაზრები, როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, ისე ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრები. დღესაც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით სოფლის მეურნეობის 15-20 ქართულ პროდუქტს აქვს აბსოლუტური ცნობადობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის,  ღირსების, დაცულობისა და იმის განცდა, რომ თავად ქმნის საკუთარ ქვეყანას.

„თქვენ უკვე აკეთებთ ამას. გუშინ რუსთაველზე გამოსვლით თქვენ საკუთარი წვლილი შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის შენების საქმეში. უფროსი ასაკის ადამიანებთან ერთად, იქ იყო უამრავი ბავშვი და ეს ძალზე მახარებს, რადგან მათ თავიდანვე ექნებათ განცდა, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია. აქ ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც თავის სფეროებში რევოლუცია მოახდინეს. იმდენად საინტერესოა თითოული თქვენი კომპანიის ნაწარმი, რომ აზროვნების წესი შეცვალეთ – რა შეიძლება გააკეთოს ქართველმა ადამიანმა საქართველოში. ძალიან ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობით ხელისუფლება ყველა პირობას უქმნის ბიზნესს მის გასავითარებლად. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ამისთვის ბევრი რეფორმა განხორციელდა და ამას ემსახურება, მათ შორის, საგადასახადო და მომსახურების სფეროების გამარტივება და დახვეწა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი