ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში და კონტროლი ჟურნალისტებზე [Video]

26 მაისი, 2012 •
დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში და კონტროლი ჟურნალისტებზე [Video]

აკრედიტაციის პროცესს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ქუთაისში პარლამენტის გახსნასა და აღლუმს აშუქებდნენ, თავდაცვის სამინისტრო კურირებდა. ჟურნალისტებისთვის დილის 10 საათიდან გაიხსნა მედიაცენტრი პარლამენტის გვერდით, მთავრობის სახლის შენობაში.

 

ჟურნალისტების შემოწმება მედიაცენტრში სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებმა რამდენჯერმე განახორციელეს. შენობის შესამოწმებლად, სადაც ჟურნალისტები მუშაობდნენ, ძაღლებიც გამოიყენეს.

 

დაახლოებით 14:00 საათიდან ქალაქში გზები გადაიკეტა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები შეექმნა, მათი ნაწილი ვერ ახერხებდა საკუთარ საცხოვრებელ სახლებთან მისვლას.

 

ამ დროიდანვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო აქტივისტების მობილიზაცია მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით, ყველა მათგანი უსაფრთხოებაზე შემოწმებას გადიოდა.

 

15:00 საათისთვის აკრედიტებული ჟურნალისტების ნაწილს ტრიბუნებთან მიუჩინეს ადგილი, სადაც უნდა გამართულიყო სამხედრო აღლუმი, ხოლო 16:00 საათისთვის ჟურნალისტების მეორე ნაწილი ახალაშენებული პარლამენტის შენობაში შეუშვეს.

 

პარლამენტში  ჟურნალისტებისთვის მითითებებს უკვე აღნიშნული უწყების თავმჯდომარის პრესსამსახური იძლეოდა. ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ პარლამენტში მათ არ ექნებოდათ თავისუფლად გადაადგილებისა და დეპუტატებისგან კომენტარების ჩაწერის უფლება. ჟურნალისტები მოათავსეს იარუსზე, რომლის წინა რიგი ტელევიზიების ოპერატორებმა დაიკავეს. სხვა გადამღები საშუალებებისთვის აღნიშნულ ხაზზე განთავსება აიკრძალა.

 

“რითი უნდა გადაიღოთ, ტელეფონით? იუთუბის ვიდეო უნდა გადაიღო? დაჯექი, არ შეიძლება მანდ დგომა,” – მიუთითა დავით ბაქრაძის პრეს-მდივანმა მაკა გიგაურმა “ნეტგაზეთის” წარმომადგენელს, რომელიც პარლამენტის საზეიმო სხდომის ვიდეოგადაღებას მობილური ტელეფონის საშუალებით  ახორციელებდა.

 

ფლიპ-კამერითა და I-Pod-ით გადაღების პროცესში რამდენიმეჯერ შეუშალეს ხელი “ნეტგაზეთის” რეპორტიორს, რომელიც აღლუმის პროცესს იღებდა:

 

“რა გინდა, რას იღებ მაგითი, კინოა?” – უთხრა პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთის” რეპორტიორს, ხოლო მოგვიანებით კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ უკვე ორჯერ გააფრთხილა, არ გადაეღო, მესამე ჯერზე განმეორების შემთხვევაში კი კადრების წაშლით დაემუქრა. 

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა აღლუმამდე რამდენიმე წუთით ადრე რეპეტიციის გადაღების უფლება არ მისცა “ამერიკის ხმის” რეპორტიორს, ხოლო BBC-ის წარმომადგენელს მედიაცენტრში მყოფმა სამხედრო პირმა ფოტოკამერიდან ის კადრი წაუშალა, რომელიც მთავრობის სახლის შენობაში გადაიღო ჟურნალისტმა.  

 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასრულებისას მიხეილ სააკაშვილმა დარბაზში მყოფი აუდიტორია აღლუმზე დასასწრებად მიიწვია შენობის გარეთ, თუმცა ეს მიწვევა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის პრესსამსახურების მიერ შეიზღუდა. ჟურნალისტები ისევ მედიაცენტრში დააბრუნეს და შენობის დატოვების უფლება მხოლოდ აღლუმის დასრულების შემდეგ მისცეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი