ახალი ამბები

სამხედრო აღლუმი 2012 – “აფხაზეთით” და ხორუმით [პროგრამა]

26 მაისი, 2012 •
სამხედრო აღლუმი 2012 – “აფხაზეთით” და ხორუმით [პროგრამა]

26 მაისს ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს  პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი დაესწრება. 

 

სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისათვის მზადყოფნას აღლუმის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე მოახსენებს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.


პატაკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის პირადი შემადგენლობა ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმებიან.


სახელმწიფო ჰიმნს ანა ხანჩალიანი თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულებს.


სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დადებენ ფიცს. უმცროს ოფიცერთა ძირითადი კურსის 76 მსმენელი მუხლს მოიყრის და საჯაროდ დადებს ფიცს. ფიცის მიღების შემდეგ მათ მიენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“. ხვალიდან ისინი სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გააგრძელებენ.


წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის ერთიანობისათვის  და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.


აღლუმის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე საზეიმო მსვლელობის დაწყების ბრძანებას გასცემს.


სამხედრო მსვლელობას წელს პირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად, აკომპანიმენტს გაუწევს 5 მეგობარი ქვეყნის– ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის– შეიარაღებული ძალების ორკესტრები.


საზეიმო სამხედრო მსვლელობაზე  მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მიყვებიან. კადეტების შემდეგ საზეიმო მსვლელობას გააგრძელებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები. აღლუმის საზეიმო მსვლელობაზე გამოვლენ სახმელეთო ჯარების  ქვედანაყოფები: I ქვეითი ბრიგადა; II ქვეითი ბრიგადა; III ქვეითი ბრიგადა; IV ქვეითი ბრიგადა; V ქვეითი ბრიგადა; ცალკეული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი, სპეციალური ოპერაციების ძალები, I საარტილერიო ბრიგადა, II საარტილერიო ბრიგადა, საინჟინრო ბრიგადა, ეროვნული გვარდია.


აღლუმის საზეიმო მსვლელობას ქვეითად დახურავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  სამხედრო პოლიციის  დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას განაგრძობს შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები.


აღლუმის საზეიმო მსვლელობაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა  „ლაზიკა“, უპილოტო საჰაერო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი