ახალი ამბები

კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

19 სექტემბერი, 2016 • 1226
კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები; ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე – ეფექტური ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ასევე, სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს შეხვდება.

“მოლაპარაკებები გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან, დენა ჰაიდთან. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაეროს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს. საგარეო უწყების ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

“ასევე დაგეგმილია ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სესიის  ფარგლებში გაეროს წევრი ქვეყნებისა და გაეროსს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებებში. მინისტრი ასევე შეხვდება გაეროში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ დირექტორებს, გაეროს ცალკეული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი