ახალი ამბები

ენმ ცესკოს საუბნო კომისიის თავმჯდომარის დათხოვნისკენ მოუწოდებს

17 სექტემბერი, 2016 • 1368
ენმ ცესკოს საუბნო კომისიის თავმჯდომარის დათხოვნისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ცესკოს, გაათავისუფლოს გორის საარჩევნო ოლქის 42 საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ გიუნაშვილი დაკავებული თანამდებობიდან. ცესკო საკითხის შესწავლამდე კომენტარს არ აკეთებს.

ამის თაობაზე 17 სექტემბერს ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მეორედ გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ იმ პირებს შორის, რომლებიც ხელს უშლიდნენ ნაციონალურ მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს, ერთ-ერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.

საუბარია სოფელ ფლავისმანში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ენმ-ს თქმით, 30 -მდე პირი ცდილობდა სოფელში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არ შეეშვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი. ენმ-ის მტკიცებით, ამ პირებს შორის იყვნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები. პარტია ასევე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებსაც.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც პოლიციამ ჩარევის შედეგად აღკვეთა. ასევე შსს-ს განცხადებით, მოქალაქეები მათ საკუთრებაზე სარეკლამო პლაკატების გაკვრის უფლებას არ აძლევდნენ ენმ-ის კანდიდატს.

“ქართულმა ოცნებამ” უარყო ინციდენტში მათი წევრების მონაწილეობა.

საპასუხოდ ენმ-ის წევრმა ირმა ნადირაშვილმა კვლავ გამართა ბრიფინგი და ჟურნალისტებს ფოტოები წარუდგინა, სადაც მისივე განმარტებით ჩანს, როგორც “ოცნების” კოორდინატორების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობა ინციდენტში.

ნადირაშვილის თქმით, იმ პირებიდან, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრი ბასიშვილს ხელი შეუშალეს წინასაარჩევნო კამპანიაში, ერთ-ერთი სწორედ ვახტანგ გიუნაშვილი იყო, რომელიც გორის საარჩევნო ოლქის 42-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.  

“ის არის ოლქიდან დანიშნული კანდიდატურა, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმის თაობაზე, რომ ამ თანამდებობაზე უნდა იყვნენ შერჩეული აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანები. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ინიშნებოდნენ პირდაპირ კოორდინატორები “ქართული ოცნებისა”, რასაც უარყოფდა ცენტრალური საარჩევნო კომისია.  ეს ადამიანი პირდაპირი დასტურია იმისა, თუ რა პროფესიის ადამიანები ხვდებიან საოლქო ფლოტით საუბნო კომისიებში, მისი პროფესია არის ხელის შეშლა ჩვენი კანდიდატებისთვის.  ამიტომ მე პირდაპირ მივმართავ თამარ ჟვანიას [ცესკოს თავმჯდომარეს], მიიღოს გადამწყვეტი ზომები და გაანთავისუფლოს ის დაკავებული თანამდებობიდან”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედიიდან გახდა ცნობილი და მოკვლევა დაიწყო გორის საოლქო კომისიამ. მისი თქმით, მოკვლევის დასრულებდე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებენ, ხოლო მისი დასრულების შემდეგ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

შარაბიძემ არ მოგვაწოდა ინფორმაცია,  ნამდვილად  ატის თუ არა ვახტანგ გიუნაშვილი გორის საარჩევნო ოლქის 42-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო კომისიის თავმჯდომარეებზე ინფორმაცია არ ცესკოს ვებგვერდზე იძებნება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

ნაციონალური მოძრაობა  ინციდენტის სხვა მონაწილეების ფოტოებსაც ავრცელებს და ზოგიერთ მათგანზე მიუთითებს, რომ ისინი ან “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან, ან საჯარო მოხელეების ნათესავები. ენმ ასევე აცხადებს, რომ ინციდენტში ტყვიავის რწმუნებულიც მონაწილეობდა.

“ჩვენ მოვისმინეთ შსს- ს განცხადება, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია. მათ თქვეს, რომ ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება და არა ოცნების წევრების, თუმცა  ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფოტოებში ნათლად ჩანს ამ პირების ვინაობა. სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების უბრალო ქვეგანყოფილებად გადაკეთდდა და ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, მონაწილეობს დანაშაულის დაფარვაში”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა 17 სექტემბერს.

მან  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, შეასრულოს თავისი მოვალეობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი