ახალი ამბები

საკითხები, რომლებზეც კუბლაშვილი და “ეს შენ გეხება” ვერ შეთანხმდნენ

24 მაისი, 2012 •
საკითხები, რომლებზეც კუბლაშვილი და “ეს შენ გეხება” ვერ შეთანხმდნენ

პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი

კამპანია “ეს შენ გეხება”–ში მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს მათ მიერ მომზადებული “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები გააცნეს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მედიის როლსა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს ეხება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სამ საათს გაგრძელდა. არასამთავრობოებთან აღნიშნულ წინადადებებზე შეხვედრის შემდეგ კი გამოიკვეთა ის საკითხება, რაზეც ხელისუფლება არ აპირებს დათმობას.

კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ყველანაირ შეთანხმებას გამორიცხავს არასამთავრობოებთან ისეთ საკითხზე, რომელიც თანამდებობის პირების საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვას ეხება.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოს საჯარო მოხელეებს.  

განსხვავებულად ფიქრობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და აღნიშნავს:

 

“თანამდებობის პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, არის აბსოლუტურად რეგულირებული საარჩევნო კოდექსით. ბუნებრივია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ გუბერნატორი, ან მინისტრის მოადგილე, გამგებელი არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები. რა თქმა უნდა, ესენი არიან ის თანამდებობის პირები, რომლებიც თავისი საქმიანობით უკავშირდებიან პოლიტიკას. შესაბამისად, არ შეიძლება ამ სტატუსისგან განცალკევება, არ შეიძლება გუბერნატორი, მისი მოადგილე, გამგებელი იყოს გამოყოფილი საერთოდ საარჩევნო პროცესისაგან. მათ, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეთ აგიტაციაში მონაწილეობის უფლება და ვერავინ ვერ შეზღუდავთ ამაში”.

თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანახმაა გაიზიაროს არასამთავრობოების პოზიცია, რომელიც საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვას ეხება.

მეორე საკითხი, რაზეც შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეხება მედია ორგანიზაციების მიერ შეთავზებულ საკაბელო პროვაიდერების მიერ “სავალდებულო ტრანზიტის” საკითხს.

კერძოდ, “ეს შენ გეხება”-ში მონაწილე მედია ორგანიზაციები ითხოვენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს დაემატოს მუხლი და “სავალდებულო ტრანზიტის” ცნება დამკვიდრდეს. ამ ახალი ნორმის თანახმად, საკაბელო პროვაიდერები ვალდებული იქნებიან, საკუთარ პაკეტში ჩართონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სათემო, ან/და საერთო სატელევიზიო ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც მაუწყებლობას ავრცელებს სიხშირით, ან სატელიტით, თუ ეს მაუწყებლის ინტერესში შედის.

როგორც ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს”  აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია აღნიშნავს, დღეს ეს ნორმა რომ არსებობდეს, „რუსთავი 2“–ს და „იმედს“ ტრანზიტორ კომპანია „გლობალ TV“-ის პაკეტიდან ამოღებას ვერ მოსთხოვდნენ. „მაესტრო“ და „კავკასია“ კი ყველა პროვაიდერს ჩართული ექნებოდა“.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კი აღნიშნულ წინადადებას არაეფექტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საკაბელო მაუწყებლობის ბიზნესი დამოუკიდებელი ბიზნესია და შესაბამისად, მათზე რაიმე ვალდებულების დაკისრება არ იქნება სწორი.

“რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან ინტერესი ყოველთვის არსებობს, რომ სატელევიზიო არხების მაუწყებლობა იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენთან მაუწყებლებს აქვთ ყველანაირი საშუალება, რომ განვითარდნენ, აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება უშუალოდ მაუწყებლის მიერ ინვესტიციების განხორციელებას. ვინმე დავავალდებულოთ, რომ მაუწყებლის მაგივრად თვითონ განახორციელოს ინვესტიციები, ან დავავალდებულოთ, რომ საკაბელო იყოს ვალდებული მის მიერ განხორციელებული ინვესტიციები გამოიყენოს რომელიმე არხის სავალდებულოდ ტრანზიტისთვის, მე ვფიქრობ, რომ არასწორია”, – აღნიშნავს კუბლაშვილი.

შეხვედრის შემდეგ, ასევე, გამოიკვეთა საკითხები, რომელზეც არსებობს თანხმობა.

 

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ფარულ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით მივიღეთ თანხმობა, რომ აისახება კანონმდებლობაში, ასევე, სოციალური რეკლამის ნაწილი და სოციალური რეკლამის გამოყენება პარტიის ან ხელისუფლების მხრიდან, როგორც საარჩევნო რეკლამა, ამაზე  შესააბამისი შეზღუდვები იქნება დაწესებული.

კერძოდ, არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” გაჩნდეს ჩანაწერი ფარული პოლიტიკური რეკლამის შესახებ, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრება, – “მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ ნებისმიერი ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არ არის წინასაარჩევნო კამპანიის გაშექებასთან და რომელშიც ნაჩვენებია ან/და ნახსენებია საარჩევნო სუბიექტი, კანდიდატობის მსურველი, მისი დასახელება, სლოგანი, ან/და რიგითი ნომერი, აღიქმება ფარულ პოლიტიკურ რეკლამად”.   

დღესვე, ასევე, შეთანხმდნენ მხარეები, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე  შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი