თბილისში, ვაზისუბანში მდებარე სმარტის სუპერმარკეტს დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხნენ. სუპერმარკეტში განთავსებულია საქართველოს ბანკის და “ლიბერთის” სერვისცენტრები.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14.30 საათზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, შენობაში სავარაუდოდ 2 პირი შეიჭრა და საქართველოს ბანკის მოლარეებს თანხა მოსთხოვეს:
“მათ შენობაში მყოფებს იატაკზე დაწოლაც მოსთხოვეს” – აცხადებენ თვითმხილველები.
თვითმხილველები ვერ აკონკრეტებენ, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. მათივე ინფორმაციით, შენობის დატოვების შემდეგ თავდამსხმელებმა იქვე მყოფი მანქანაც გაიტაცეს და ტერიტორია დატოვეს.
ადგილზე მომუშავე სამართალდამცავების თქმით, თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისროლეს, თუმცა არავინ დაშავებულა.
საქართველოს ბანკის პრესსამსახურის ცნობით, მათ სერვისცენტრში არავინ დაშავებულა, სხვა ინფორმაციას კი არ ფლობენ. ბანკი ასევე არ ავრცელებს ცნობას, მოახერხეს თუ არა მძარცველებმა თანხის გატანა და მიუთითებენ, რომ პოლიციელები მუშაობენ შემთხვევის ადგილას.
ამჟამად სუპერმარკეტი დახურულია. ინციდენტის ადგილას მობილიზებული არიან პოლიციის მანქანები.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით [ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე].
სხვა ცნობებს პოლიცია ჯერჯერობით არ ავრცელებს, მათ შორის იმასაც, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის გატაცება.
თუ თქვენ იმყოფებით, ან იმყოფებოდით აღნიშნულ სუპერმარკეტში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
info@netgazeti.ge
tel: 2960830