ახალი ამბები

ივანიშვილი: რომ დავინტერესდე “თელასით”, პრინციპში, რატომაც არა

24 მაისი, 2012 • 1163
ივანიშვილი: რომ დავინტერესდე “თელასით”, პრინციპში, რატომაც არა

ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის დავით აქუბარდიას შეკითხვაზე – აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი “თელასის” შესყიდვას და შემდეგ ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევას, “ქართული ოცნების” ლიდერი აცხადებს, რომ “წინასწარ განცხადებების გაკეთება არ უყვარს”:“საერთოდ, “თელასიც” და “რკინიგზის” გატანა უნდოდათ ბირჟაზე 25%-ის. ნებისმიერი ბიზნესმენი შეიძლება დაინტერესდეს, ამაში არაფერი არ არის სასწაული. საერთოდ, მე არ მიყვარს წინასწარ განცხადებების კეთება, მაგრამ არაფერი ჯერ რეალური არაა, რომ ამაზე ვისაუბრო. რომ დავინტერესდე “თელასით”, გინდათ, სხვა აქციებით, რატომაც არა, პრინციპში, მაგრამ რომ ვისაუბრო, რომ რეალურად რაღაცა ხდება, ასე არაა”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

ივანიშვილის თქმით, საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობის შემოსავლებთან შეუსაბამოა:

“დღეს ქართველები, მგონია, ყველაზე ძვირად ყიდულობენ ელექტროენერგიას და ეს ნაგვის მიბმა სასაცილოა, უბრალოდ. ესენი ცდილობენ, როგორ ამოიღონ მოსახლეობიდან დიდი ფული. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ ჭირდებათ და მაქსიმალურად იღებენ ფულს მოსახლეობიდან და მეორეც, ცდილობენ მოსახლეობის გაკოტრებას, რადგან ღარიბი ადამიანის მართვა უფრო ადვილია”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ბოლო პერიოდში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი “თელასის” ყიდვას აპირებს, რომლის 75% რუსული კომპანია “РАО ЕЭС”-ის საკუთრებაშია, რის შემდეგაც ელექტროენერგიის ტარიფს 6 თეთრამდე გააიაფებს საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ “როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “საქართველოს რკინიგზის” 25%-იანი წილის გაყიდვას საქართველოს ხელისუფლება  ლონდონის საფონდო ბირჟაზე აპირებდა, თუმცა დღეს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიკინგზის წილის გაყიდვის პროცესი გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი