ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დანიშნა

16 სექტემბერი, 2016 • 3103
პრემიერ-მინისტრმა კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის ახალ გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.

ირაკლი ქადაგიშვილი პირველი მოწვევის პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრი იყო, ასევე, კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. კვირიკაშვილის ცნობით, 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მიმართულების კურატორი იყო. ირაკლი ქადაგიშვილი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო, 2012 წელს კი – ამავე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

“მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და, დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან  პოსტზე“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთის გუბერნატორის პოსტზე ირაკლი შიოლაშვილი ჩაანაცვლა. შიოლაშვილი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას,  ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი