“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიებს მოუწოდებს, აიღონ პოლიტიკური პასუხიმგებლობა, უარი თქვან კონტრაქციებზე და ამის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერონ. მემორანდუმის ტექსტს “ქართული ოცნება” სხვა პარტიებთან ერთად შეიმუშავებს.
“კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკი,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
როგორც კობახიძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” აიღო პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში აგიტაციის მხოლოდ კორექტული ფორმების გამოყენებაზე.
“პროვოკაციების მოწყობისა და განსაკუთრებით ძალადობის პროვოცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ამ მიზნით ვთავაზობთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში. მემორანდუმის ტექსტი ჩვენ შეგვიძლია დავუგზავნოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მზად ვართ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ტექსტთან დაკავშირებით,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოწოდებას უკვე უპასუხეს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა არაფერს შეცვლის.