ახალი ამბები

ომბუდსმენი ფარულ ჩანაწერზე: წინა შემთხვევების დაუსჯელობა ახალისებს მომდევნო ინციდენტს

15 სექტემბერი, 2016 • 1126
ომბუდსმენი ფარულ ჩანაწერზე: წინა შემთხვევების დაუსჯელობა ახალისებს მომდევნო ინციდენტს

სახალხო დამცველის აპარატი 14 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელზეც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ასახული. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მსგავს ფაქტებს წარსულში დაუსჯელად დარჩენილი ინციდენტები განაპირობებს.

“ასეთი შემთხვევები მძიმედ აღიქმება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი მედიაგარემოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განმაპირობებელი ფაქტორების არსებობა.

სამწუხაროა, რომ წინა შემთხვევების დაუსჯელად დატოვება ახალისებს ყოველ მომდევნო ინციდენტს.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უკვე 187 დღე გავიდა ერთ-ერთი პოლტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არ არის გამოვლენილი და დასჯილი ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ დანაშაულში, განსაკუთრებით ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოძიოს ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების როგორც ეს, ასევე წარსული შემთხვევები და შესაძლებლობის ფარგლებში საზოგადოებას დროულად აცნობოს მის მიერ მიღებული ზომებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი ამ შემთხვევაშიც განახორციელებს მონიტორინგს ზემოაღნიშნული ფაქტების გამოძიების მიმდინარეობაზე.” – აცხადებს სახალხო დამცველი.

სატელეფონო საუბარი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, 8 სექტემბერს შედგა, 14 სექტემბერს ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ნიკა გვარამია და ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები არ უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა გამორიცხავენ, რომ ეს მასალა თავად გაავრცელეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობაზე მიუთითებენ. თავად სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-მ გამოძიება გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი