ახალი ამბები

ივანიშვილი: მოსმენების შეწყვეტა ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია

15 სექტემბერი, 2016 •
ივანიშვილი: მოსმენების შეწყვეტა ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი რაჭაში, რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრისას გამოეხმაურა 14 სექტემბერს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის გავრცლებული საუბრის აუდიოჩანაწერს.

როგორც ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები, ისე ნიკა გვარამია საუბრობენ იმის შესახებ, რომ საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა.

ბიძინა ივანიშვილმა გელა ხვედელიძის შემთხვევა გაიხსენა და განაცხადა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნების გამო მან საკუთარი თანაპარტიელიც კი არ დაინდო.

“პირველი და მთაავარი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების ეს გახლავთ სწორედ, რომ ეს მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენები განახორციელა? თუმცა ასეთი ეჭვები სულ უნდა გვქონდეს, სულ უნდა ვფრთხილობდეთ, ჟურნალისტები უნდა იყვნენ ამ მიმართულებით ძალიან ფხიზლად და აგრესიულად, თუ გნებავთ. არც ერთი გამოვლინება არ გვაქვს. ის, რომ რესურსი აქვს ხელისუფლებას და ეჭვს იწვევს, კი, ბატონო, მეც ვუერთდები ამას, რომ ხელისუფლებას აქვს ამის ყველაზე დიდი რესურსი, უსაფრთხოების სამსახურს, და შეუძლია მოუსმინოს, მაგრამ ამას უნდა მტკცებულებები და ამას უნდა დამტკიცება. ვიცი, რომ გამოძიებაა დაწყებული. მე როგორც ვიცი, ამერიკაში ესაუბრება ერთი მეორეს. ასეთი სატელეფონო ზარები თავისუფლად შეუძლია მოყვარულებსაც, ყველაზე სუსტ ქვეყნებსაც შეუძლიათ, რომ მოუსმინონ, დღეს ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ გნებავთ, სხვა სახელმწიფოების შიგნითაც თავისუფლად მოგვისმენენ, არც მაგის პრობლემა არ არსებობს, დღეს ტექნიკა ისე განვითარდა,”- განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის შინაარსზეც გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, არის ეჭვები, რომ ჩანაწერი თავად გვარამიამ გაავრცელა:

“მან აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში პარტია მთლიანად. როგორ აღშფოთებულია, რომ რომელიღაც წევრი, მეგრელიშვილი, რაღაცას ამბობს, მგონი, იმის მსგავსს, რომ შეიძლება თანამშრომლობა რაღაც თემატურ საკითხებში და ლამის წყალი გაავლო პარტიის ლიდერს ამის გამო, ასეთი რამ როგორ გაბედეთო და ის როგორ იმართლებს თავს. ეს არის აქ მთავარი, დამოკიდებულება ნახეთ და თავისუფალი მედიის წარმოჩენა უნდათ რუსთავი 2-ის სახით,”- განაცხადა ივანიშვილმა.

სატელეფონო საუბარი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, 8 სექტემბერს შედგა, 14 სექტემბერს ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ნიკა გვარამია და ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები არ უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა გამორიცხავენ, რომ ეს მასალა თავად გაავრცელეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობაზე მიუთითებენ. თავად სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-მ გამოძიება გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი