სამართალი

გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა

15 მაისი, 2014 • • 1714
გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაასრულა ხვედელიძის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა და განაჩენი გამოცხადდა. სასამართლოს პრესსამსახური აცხადებს, რომ სასამართლო სხდომები იყო დახურული, ხოლო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხვედელძემ დანაშაული აღიარა, ვერ ადასტურებს. 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგან პროკურატურა მიიჩნევს, რომ ერთი წელი პირობითი სასჯელი ბრალდების მხარისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.

 

პროკურატურის ცნობით, გელა ხვედელიძემ სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა, რასაც მისი ადვოკატი არც ადასტურებს და არც უარყოფს, რადგან პროცესი დახურული იყო და ამ საკითხზე საუბრის უფლება არ აქვს. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე გასული წლის 12 მაისს დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების გამო. 15 მაისს სასამართლომ ხვედელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

გელა ხვედელიძე
გელა ხვედელიძე

გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი