ახალი ამბები

ქალდანის განცხადებით, გვარამიას და ბურჭულაძეს ინსპექტორისთვის არ მიუმართავთ

14 სექტემბერი, 2016 • 1161
ქალდანის განცხადებით, გვარამიას და ბურჭულაძეს ინსპექტორისთვის არ მიუმართავთ

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ინსპექტორმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიკვლიოს, ხომ არ იყო ჩანაწერები მიპოვებული საგამოძიებო უწყების მიერ, ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძეს ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.

დღეს, 14 სქტემბერს, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი.  საუბარი რომ მართლაც შედგა, ორივე მხარე ადასტურებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საჯარო განცხადებით მათ უკვე მიმართა, რომ აპარატისთვის დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინათ. თამარ ქალდანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები მას ნომრებს და სხვა დეტალებს მიაწვდიან, შეძლებს გადაამოწმოს, ხომ არ არსებობდა ამ ჩანაწერის კანონიერი გზებით მოპოვებისა და შემდეგ უკანონოდ გავრცელების შესაძლებლობა. თამარ ქალდანი ასევე ამბობს, რომ ამ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ასევე შეძლებს გადამოწმებას, ჰქონდა თუ არა სუს-ს სასამართლოს ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. სუს-მა დღეს გავრცელებული განცხადებით უარყო, რომ ამ ჩანაწერის მოპოვება/გავრცელებასთან რაიმე აკავშირებს.

“ჩვენ არ გვაქვს ტელეფონის ნომრები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავამოწმოთ. რითი განხორციელდა სატელეფონი საუბარი, იყო ეს ტელეფონით, იყო ეს ღია არხი, დახურული არხი თუ ა.შ, – ამაზე გვჭირდება დეტალური ინფორმაცია,”- განაცხადა მან.

ასევე, თამარ ქალდანის განცხადებით, ახლა ჯერი შინაგან საქმეთა სამინისტროზეა, თუ რამდენად ეფექტურად წარიმართება გამოძიება. თამარ ქალდანის განცხადებით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ინსპექტორი ვერ შეძლებს,  გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობა განახორციელოს.

“გარდა იმისა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე და საზოგადოების აღქმაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს მსგავსი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების ინტერნეტსივრცეში გავრცელება, წინასაარჩევნო გარემოზეც ეს მოქმედებს ძალიან ნეგატიურად. ასევე, შევთავაზეთ ჩვენი კომპეტენციის ფრგლებში დახმარება იმ პირებს, რომლებიც ამ კომუნიკაციის მხარეები იყვნენ და მათ დაადასტურეს, რომ ასეთი სატელეფნო საუბარი ნამდვილად შედგა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მათ შეუძლიათ იმ კანონით გათვალისწინებული ბერკეტების გამოყენება, რომელიც გააჩნია ინსპექტორს და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება მათი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. ჯერჯერობით ინფორმაციის მოწოდებას ადგილი არ ჰქონია, დამატებითი ინფორმაციის გარეშე ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდება შემდგომი რეაგირება. ამიტომ ვიმედოვნებთ და ველით, რომ ისინი უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან. ჩვენ ვერ განვახორციელებთ ვერც საპროცესო ზედამხედველობას გამოძიებაზე და ვერც მითითებებს მათ ვერ მივცემთ, ეს არის ცალსახად სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, გამოძიება,”- განაცხადა თამარ ქალდანმა.

სატელეფონო საუბარი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, 8 სექტემბერს შედგა, დღეს, 14 სექტემბერს ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ნიკა გვარამია და ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები არ უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა გამორიცხავენ, რომ ეს მასალა თავად გაავრცელეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობაზე მიუთითებენ. თავად სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-მ გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი