იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სასტუმრო “რედისონში” შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიებას ესწრებიან საჯარო რეესტრის, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონტროლის პალატის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს ხელმძღვანელის სოსო წიქარიშვილის განმარტებით, ამ პროექტის მიზანია, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უძრავი ქონების მასობრივი შეფასების უნიფიცირებული მოდელის შემუშავება. მისივე თქმით, უძრავი ქონების შეფასების საკითხი აქტუალურია როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ისე ქონების გადასახადის ადმინისტრირების, იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში.
ამ დროისთვის ქვეყანაში ქონების შეფასებას აუდიტორები და შემფასებლები ახდენენ. პროექტის ფარგლებში კი ამ პროცესში ჩაერთვებიან– შემოსავლების სამსახური, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და თბილისის მერია.
დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება შვედური გამოცდილება მასობრივი შეფასების მიმართულებით და საქართველოში ანალოგიური სისტემის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა გეგმა.
საქართველოში მასობრივი შეფასების სისტემის პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.
