ახალი ამბები

გუდიაშვილის #2 წვიმამ კიდევ უფრო დააზიანა [VIDEO]

21 მაისი, 2012 •
გუდიაშვილის #2 წვიმამ კიდევ უფრო დააზიანა [VIDEO]

როგორც ჰამქრის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, ის გუშინ გვიანობამდე გუდიაშვილის სკვერში იმყოფებოდა:

“წვიმამ შესაძლოა უკვე დააზიანა შენობა, მაგრამ შიგნით არ შევსულვარ, რადგან შესაძლოა ესეც საშიში იყოს. ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადახურონ შენობა იმისთვის, რომ, სანამ ნორმალური რეაბილიტაცია მოხდება, საერთოდ არ დაინგრეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს “ტფილისის ჰამქრის” წევრებთან ერთად ადგილზე არქიტექტორ–რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, სახლის თითოეული დეტალის შესწავლა და დამახსოვრება უნდა ხდებოდეს, რომ შემდეგ პირვანდელი სახით აღდგეს. მიუხედავად იმისა, რომ Icomos Georgia–ს წარმომადგენელმა მერაბ ბოჭოიძემ რესტავრაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ თანამშრომლობაზე უარი თქვა,  დღეს გუდიაშვილის სკვერთან მაინც მივიდა და მუშებს რჩევები მისცა.

ადგილზე იმყოფებოდა “პაულ შულერ უნდ ირაო გრუპის” წარმომადგენელ ნათია ქარქაშაძეც:

“ჩვენ ყველა რჩევას გავითვალისწინებთ, სახლის გადახურვა დღეს საღამომდე დაიწყება”, – განაცხადა ნათია ქარქაშაძემ. მისი თქმით,  “პაულ შულერ უნდ ირაო გრუპი”, რომელიც სახლის რესტავრაცია–რეკონსტრუქციის სამუშაოებს ახორციელებს, მაქსიმალუად შეეცდება, შენობას პირვანდელი სახე შეუნარჩუნოს.

გადახურვის შემდეგ, მერიისგან ნებართვის გაცემის შემთხვევაში, გუდიაშვილის #2–ში მდებარე შენობის მიმდებარე ხეები გადაიბელება და შენობის გასუფთავება დაიწყება. დღეს შენობასთან ბანერიც გამოაკრეს, რომელზეც შემსრულებელი და დამკვეთი კომპანიები და პროექტის დასრულების ვადებია მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი