ახალი ამბები

ალასანია: 27 მაისის შემდეგ ივანიშვილი საქართველოს ყველა რაიონში ჩავა

21 მაისი, 2012 • 1202
ალასანია: 27 მაისის შემდეგ ივანიშვილი საქართველოს ყველა რაიონში ჩავა

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

გორში 700 –კაციანი დარბაზი ბოლომდე სავსე იყო. შეკრებილების მოლოდინი იყო, რომ დღეს  გორში მათთან შესახვედრად ბიძინა ივანიშვილი ჩავიდოდა, თუმცა გორელებს ამჯერად “ქართული ოცნების” ლიდერებიდან მხოლოდ ირაკლი ალასანიასა და გია ვოლსკის მოსმენა მოუხდათ.

 

ალასანიამ დარბაზში შესვლამდე ქალაქის ცენტრალური ნაწილი ფეხით მოიარა და ქუჩაში შემხვედრ ხალხს ესაუბრებოდა. დარბაზში შეკრებილებს კი კოალიციის ლიდერი სოფლის მეურნეობის პრობლემებზე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ესაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებამ შიშის დაძლევა დაიწყო და, შესაბამისად, კოალიცია შემოდგომის არჩევნებზე პარლამენტში აუცილებლად უმრავლესობით მოვა. 

 

“ეროვნული ფორუმის” ადგილობრივმა ლიდერმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება და 200 ლარს გადააჭარბებს.  გია ვოლსკიმ კი საერთაშორისო მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი: მისი განცხადებით, მალე კოალიციის ლიდერები დაიწყებენ ევროპულ სახელმწიფოებში მოგზაურობას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ოპოზიციის პროგრამის და მიზნების გაცნობას.

 

დარბაზში შეკრებილებმა ლიდერები ტაშით გააცილეს. შეხვედრის ბოლოს კი ირაკლი ალასანიასთან რამდენიმე ქალბატონი მივიდა და გამარჯვების შემთხვევაში ცენტრალური მოედნიდან მოხსნილი სტალინის ძეგლის ხელახლა დადგმის თაობაზე კოალიციის პოზიციით დაინტერესდნენ, რაზეც ალასანიამ უპასუხა:

 

“ისე მოვექცევით ძეგლს, როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს”.  

  

მასალების გადაბეჭდვის წესი