ახალი ამბები

ხოშტარია: მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა

14 სექტემბერი, 2016 • 1115
ხოშტარია: მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება არალეგიტიმური და არადემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს.

„მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა. თან ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც პოლიციის დეპოლიტიზაციის და ადამიანის უფლებების დაცვის ლიზუნგით მოვიდა. დაუშვებელია მსგავს მეთოდებთან შეგუება, დაუშვებელია, რომ სუს იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ასეთ მეთოდებზე, გავაუქმოთ პოლიტიკური პოლიცია და დავასრულოთ პირად ცხოვრებაში ჩარევა და შანტაჟი,“ – ასე გამოეხმაურა ხოშტარია დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ასახავს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარს საარჩევნო ბლოკ პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერთან, პაატა ბურჭულაძესთან. გვარამიას თქმით, ეს საუბარი უკანონოდ ჩაიწერა და გამოაქვეყნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. თავად სუს არყოფს ამ ფაქტთან რაიმე კავშირს.

ინტერნეტ სივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის  აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი