ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ვფიქრობ, ამჟამად მთავრობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია პაატა ბურჭულაძის მოსმენა

14 სექტემბერი, 2016 • 1555
ბერძენიშვილი: ვფიქრობ, ამჟამად მთავრობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია პაატა ბურჭულაძის მოსმენა

“ვფიქრობ, რომ მოსმენები გულის ამრევია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა გვარამიას უსმენდნენ, ამჟამად მთავრობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია პაატა ბურჭულაძის მოსმენა,” – ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი  დღეს ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.

“ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა აქვს, ერთს უსმენდნენ თუ მეორეს. ასეთი რამეები რომ ქვეყნდება და ამაზე ვიღაც რაღაცას რომ აწყობს, სამართლიანად არ მიმაჩნია. პაატა  ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია არის ხელოვნური, ფსევდოოპოზიცია, შესაძლოა, შექმნილი ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს პარტია უკვე აღარ არსებობს, სამაგიეროდ რაღაც შანსები აქვს. ყოველდღე გამოდიან პარტიის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ივანიშვილი ამბობს, რომ მე მაგის კაცი არ ვარ და სხვა. ეს არის თამაში ორივე მხრიდან, თუ გნებავთ, სამივე მხრიდან და, თუ გნებავთ, ნიკა გვარამიას მხრიდანაც იმის დასახატად, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარდა, რომელთაც ეს პარტიაც კი ეკუთვნით, არავინ არის და არავის არანაირი შანსი აქვს. ეს არ არის სწორი. ეს ორი პარტია 50 პროცენტზე მეტს არ ფლობს,” – ამბობს ბერძენიშვილი.

ინტერნეტ სივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის  ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერი ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი