ახალი ამბები

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში

21 მაისი, 2012 • • 1508
პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” გამოაქვეყნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში.

ანგარიში მოიცავს 2012  წლის 1 აპრილიდან 4  მაისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე, მოვლენებს, რომელთა განვითარებაც პირველ აპრილამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს, რომელიც, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას უკავშირდება.

კონკრეტული ფაქტები დაფიქსირებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კერძოდ, გურჯაანში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გორში, ბაღთათში, ჩხოროწყუში.

გათავისუფლებულ პირებს კოალიცია “ქართული ოცნებას”–თან აქვთ კავშირი. ყველა ეს პიროვნება სამსახურიდან დათხოვნას მათ პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებს.

ანგარიშში კონკრეტული პირების დათხოვნის ფაქტებია აღწერილი.

კერძოდ, აპრილის დასაწყისში რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად  ყვირალაშვილი გათავისუფლებულ იქნა შპს „დასუფთავების სამსახურის“  დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მას შემდეგ,  რაც მან გურჯაანში ორგანიზება გაუწია „ქართული ოცნების“ დაფუძნებას.

დედოფლისწყაროში საკრებულოს მიერ დაფუძნებული კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომელმა, აკაკი ნატროშვილმა ზეწოლის შედეგად სამსახური დატოვა. აკაკი ნატროშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბის ოფის-მენეჯერია, რომელიც 2012 წლის 27 მარტს გაიხსნა. აკაკი ნატროშვილმა კი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 15 აპრილს დაწერა. თავად აკაკი ნატროშვილი ზეწოლის ფაქტს „სამართლიანი არჩევნების“  გრძელვადიან დამკვირვებელთან პირად საუბრებში ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების საჯაროდ გამხმაურებისაგან თავს იკავებს.  

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნაზე საუბრობენ პედაგოგებიც.

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში ასევე ყურადღება აქვს დათმობილი პოლიტიკური ნიშნით მუქარის კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც დაფიქსირდა ბაღდათში, ფოთში, ხარაგაულში, ჭიათურაში, ახმეტაში, ქუთაისში, ხობში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

აღნიშნულ შემთხვევაშიც დაზარალებულები კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” არიან დაკავშირებული.   

ლანჩხუთში ასეთი ფაქტიც მოხდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანია  „გლობალ TV-ს” სატელიტური ანტენის დამონტაჟების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებს და სხვა დასაქმებულებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამსახურის დატოვებით დაემუქრნენ.

ანგარიშში ასევე მოხვდა ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტები. კერძოდ, რეგიონებში (ქუთაისსა და ფოთში) ჟურნალისტებს არ მიეცათ პრეზიდენტისა და მთავრობის პირების ვიზიტის გაშუქებისა და შეხვედრის ადგილზე შესვლის საშუალება.  2012  წლის 2  მაისს საქართველოს პრეზიდენტის დაცვისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი ჟურნალისტებზე.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მონიტორინგი ჩაატარა კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში განხორციელებულ ქმედებებზე (ახსნა–განმარტების ჩამორთმევაზე).  უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში მათ მიერ განხორციელებული ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესი არ მიმდინარეობდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევების ფონზე, რომლებსაც 2012 წლის მარტში ჰქონდა ადგილი,“ – ნათქვამია ანგარიშში.

კონტროლის პალატის მიერ გაგზავნილი უწყებების საფუძველზე, 2 მაისს აჭარის კონტროლის პალატის რეგიონულ წარმომადგენლობაში ახსნა-განმარტებების მისაცემად დაიბარეს ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის ,,ქართული ოცნების“ ოფისის მეპატრონეები – ნინო ბასილია (ბათუმი), არჩილ ცენტერაძე (ქობულეთი) და ტარიელ თებიძე (ხელვაჩაური). ნინო ბასილაიამ და ტარიელ თებიძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრის დროს განაცხადეს,  რომ კონტროლის პალატის კითხვები ძირითადად ფინანსურ საკითხებს ეხებოდა,  თუმცა დასმული იქნა შეკითხვები მათი დამოკიდებულების შესახებაც „ქართული ოცნების“  მიმართ,  კერძოდ,  რა აზრის არიან კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“  და რა რეაქცია ჰქონდათ,  როდესაც ოფისზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აბრა შეამჩნიეს.

კონტროლის პალატას ახსნა-განმარტება მისცა „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს ოფისის მეპატრონემ, ბესიკ  მამფორიამაც.  მან  „სამართლიანი არჩევნების“გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ პროცესის დროს მის მიმართ არასათანადო მოპყრობას
ადგილი არ ჰქონია.  კონტროლის პალატის წარმომადგენელთა კითხვები ძირითადად ფინანსურ საკითხებსა და იმ ხელშეკრულებას ეხებოდა, რომელიც მან კომპანია „მენეჯმენტ სერვისთან“ გააფორმა. კონტროლის პალატის წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარი ნაზი არონია იყო.

“სამართლიანი არჩევნების“  წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები,  რომლებიც თავისი არსით შესაძლოა შეიცავდნენ ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენების,  ან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს.

კერძოდ, თბილისში „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ნაძალადევის, მთაწმინდის, კრწანისის, ვაკისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა შემთხვევები,  როდესაც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უბნის კოორდინატორები 2012  წლის მარტი-აპრილის თვეებში, მოქალაქეებთან ვიზიტების დროს სოციალური დაზღვევით სარგებლობის შესახებ კითხვარს ავსებდნენ.

ხოლო ქუთაისში მერიამ ქალაქში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია,  რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების უმრავლესობა 2010  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კოორდინატორები და პარტიის წარმომადგენლები იყვნენ საარჩევნო კომისიებში.

“სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის საჯარო შეხვედრების მიმდინარეობასაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციის დაკვირვებით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 01 აპრილი – 04  მაისის განმავლობაში 31 საჯარო შეხვედრა გამართა, მათ შორის ყველაზე ბევრი კახეთში.

ქართულმა ოცნებამ“ 01 აპრილი – 04 მაისის განმავლობაში გამართა 22 საჯარო შეხვედრა, მათ შორის ყველაზე ბევრი გურიაში.

„ახალმა მემარჯვენეებმა“ 01  აპრილი – 04 მაისის განმავლობაში გამართა 21 საჯარო შეხვედრა, მათ შორის ყველაზე ბევრი შიდა ქართლში.

„ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 01  აპრილიდან – 04 მაისის პერიოდში რეგიონულ მოსახლეობასთან გამართა 4 საჯარო შეხვედრა, აქედან ორი შეხვედრა იმერეთში.

“სამართლიანი არჩევნები“ ასევე აკვირდებოდა სხვადასხვა პარტიის მიერ საჯარო შეხვედრებზე დაფიქსირებულ დაპირებებს. კერძოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპირებებში შედის შემდეგი:

 

  • ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა საქართველოს დიდ ქალაქებში;
  • ეკონომიკის 10%-იანი ზრდა 2013 წლისთვის;
  • ხელფასების და პენსიების გაზრდა;
  • ახალი ჰესების მშენებლობა;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
  • პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისთვის;
  • ტურისტების რაოდენობის ზრდა 7 მილიონამდე;
  • ბორჯომის, ბახმაროს ახტალის კურორტების მშენებლობა;
  • დაზღვევის ხელმისაწვდომობა ყველა ოჯახისთვის.

 

ხოლო საჯარო შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ წევრების/ლიდერების მხრიდან გაჟღერებულ იქნა შემდეგი დაპირებები:

  • ჯანდაცვის ძირფესვიანი ცვლილება;
  • სამეგრელოში 10 000 სამუშაო ადგილის შექმნა;
  • საგანმანათლებლო სისტემის ცვლილება;
  • აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება;
  • რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან;
  • დასავლური და ევროპული განთლების მიღების შესაძლებლობა თითოეული რიგითი მოქალაქისათვის.

 

„ახალი მემარჯვენეების“ წევრების/ლიდერების მხრიდან მოქალაქეების მიმართ გაკეთდა იქნა შემდეგი ტიპის დაპირებები:

  • სოციალური პრობლემების მოგვარება;
  • წყალმომარაგების და გაზიფიცირების საკითხების უზრუნველყოფა;
  • დახმარება მიწების დამუშაბების პროცესში;
  • სოფლის მეურნრობის განვითარება;
  • გაძვირებული საწვავის პრობლემის მოგვარება;
  • უმუშევრობის პრობლემების გადაჭრა.

 

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრების/ლიდერების მხრიდან მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ იქნა შემდეგი ტიპის დაპირებები:

  • სოციალური პრობლემების მოგვარება;
  • გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება;

 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ერთთვიანი მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები,  რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა, არის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის გახშირებული ფაქტები.  ეს ქმედებები გამოიხატება – სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის,  ბიზნესზე/კერძო მესაკუთრეებზე ზეწოლის შემთხვევები.  

„სამართლიანი არჩევნები“ იმედს იტოვებს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი უწყებების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.
 
“სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73  გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.  დამკვირვებლები აკვირდებიან ისეთ დარღვევებს, როგორიცაა პოლიტიკური ნიშნით
ზეწოლის,  მუქარის,  მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები.

მასალების გადაბეჭდვის წესი