ახალი ამბები

“შაშკინმა სიურპრიზი გაგვიკეთა”

21 მაისი, 2012 •
“შაშკინმა სიურპრიზი გაგვიკეთა”

დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ. 

2011–2012 წლის გამოსაშვები გამოცდები ყველა სკოლაში ერთდროულად, 9 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყო.

გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. CAT-ის სისტემით ტარდება, ყველა საგამოცდო ოთახში დამონტაჟებულია ვიდეო და ხმის ჩამწერი აპარატურა.

თბილისის 24–ე სკოლაში გამოსაშვებ გამოცდებს 95 მოსწავლე აბარებს, მათი ნაწილი გამოცდიდან უკვე გამოვიდა და საკუთარი ქულაც გაიგო:

“შაშკინმა სიურპრიზი გაგვიკეთა, ტესტი გაცილებით რთული იყო, ვიდრე  ველოდით, თუმცა თითქმის ყველამ 10–15 წუთში დაამთავრა წერა”, – ამბობს ერთ–ერთი მოსწავლე სოფიკო გიორგაძე.

 ერთ–ერთი მოსწავლის მარი კაპანაძის თქმით, მისი კლასელების უმეტესობა შედეგით მაინც კმაყოფილია:

“ვინც ჩააბარა, ყველამ 7–დან უფრო მაღალი ქულა მიიღო, გამოცდისთვის ერთი საათი გვქონდა გამოყოფილი, მაგრამ ყველამ დროზე ადრე დაამთავრა, მაქსიმალური 10 ქულა არ დაწერილა, მაგრამ ერთ–ერთმა მოსწავლემ 9.84 მიიღო”, – ამბობს მარი კაპანაძე.

როგორც სკოლის დირექტორი გია მურღულია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ტესტის სირთულეზე საუბრობენ, ჯერჯერობით ყველამ გამსვლელი ქულა მიიღო:

“გამსვლელი ქულა 5.5 იყო, მოსწავლეებმა გაცილებით მეტი მიიღეს, ჯერჯერობით არც ერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა და იმედი მაქვს, არც ჩაიჭრებიან”, – განაცხადა გია მურღულიამ.

გამოცდების პროცესს სამი დამკვირვებელი აკონტროლებს, მათ შორის სკოლის წარმომადგენელი არც ერთი არაა. კოორდინატორების განცხადებით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ ყოფილა.

ქართულ ენისა  და ლიტერატურის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 22 მაისს გამოცდას უცხო ენაში; 23 მაისს – ისტორიაში; 24 მაისს – გეოგრაფიაში; 25 მაისს – ფიზიკაში; 28 მაისს – ქიმიაში; 29 მაისს – ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს – მათემატიკაში ჩააბარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი