ახალი ამბები

მერაბ ბოჭოიძე “არქსტუდიო პროექტთან” თანამშრომლობას წყვეტს

21 მაისი, 2012 •
მერაბ ბოჭოიძე “არქსტუდიო პროექტთან” თანამშრომლობას წყვეტს

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის Icomos Georgia–ს წარმომადგენელი მერაბ ბოჭოიძე “არქსტუდიო პროექტთან” თანამშრომლობას წყვეტს. 

ბოჭოიძე “არქსტუდიო პროექტთან” რესტავრაციის კონსულტანტის რანგში თანამშრომლობდა გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. თანამშრომლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მისი განცხადება სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა:

“გუდიაშვილის #2 სახლზე დაიწყო და საკმაოდ დიდი მოცულობით კიდეც განხორციელდა აივნების კონსტრუქციების და არქიტექტურული დეტალების ე.წ. “დემონტაჟი”. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამგვარ მოქმედებას არათუ არაფერი საერთო არ აქვს სარესტავრაციო პრინციპების ანბანურ ჭეშმარიტებასთან, არამედ მთლიანად ეწინააღმდეგება მას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მერაბ ბოჭოიძემ “არქსტუდიო პროექტის” მთავარ არქიტექტორს გაუგზავნა – “ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის კულტურული ფასეულობის მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ლიტერატურული საქართველოს” რედაქციის შენობის დანგრევა გუდიაშვილის #2–ში 19 მაისს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. კომპანია “ირაო მაგნატ გუდიაშვილი” გუდიაშვილის მოედანზე  შენობების დემონტაჟის პროცესის დაწყებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი