ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანთან დავით გარეჯის თაობაზე შეთანხმებაზე საუბრობს

21 მაისი, 2012 •
საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანთან დავით გარეჯის თაობაზე შეთანხმებაზე საუბრობს

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად მოხდება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტების დაშვება. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

შსს-ს ცნობით, აღნიშნული საკითხი გუშინ, 20 მაისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად გადაწყდა.  აღნიშნულ შეხვედრას კი წინ უძღოდა ამ  საკითხზე შეთანხმება ამ ქვეყნების პრეზიდენტებს შორის ჩიკაგოში.

 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშცილმა და ილჰამ ალიევმა “საუბრისას ყურადღება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სასაზღვრო კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ლიდერების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ორი მოძმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.”

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ვიზიტორები არ გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში. 

 

დავით გარეჯის ირგვლივ ვითარება მიმდინარე წლის 6 მაისის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქართველი სასულიერო პირების მიერ გაცხადდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პრობლემებს უქმნიდნენ ქართველ მომლოცველებს დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის მოსანახულებლად საზღვარზე გადაადგილების კუთხით.

 

გუშინ თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა ლოზუნგით – ”დავით გარეჯი საქართველოა!” დღეს კი სასულიერო პირები და მრევლი დავით გარეჯის მონასტერში შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობა უნდა გამართონ სადავო ტერიტორიაზე არსებული მონასტრის მიმართულებით, იქვე წირვა-ლოცვის აღვლენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი