ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის ბრალდებები უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილია

13 სექტემბერი, 2016 • 1264
უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის ბრალდებები უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილია

პარლამენტის თავმჯდომარიე დავით უსუფაშვილი უსაფუძვლოს და თითიდან გამოწოვილს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ მას [დავით უსუფაშვილს], როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, 4 წელიწადში არაფერი გაუკეთებია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მე ძნელად წარმომიდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მივმართავ “ქართული ოცნების” ლიდერებს – ვიკამათოთ საგნობრივად, ვიკამათოთ ფაქტებზე და ყველაფერი სიცრუეზე აგებული ნუ გვექნება და თუ სხვა ნაკლს ვერ მიძებნით, მაშინ გამოდით და ესეც თქვით,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა 4 წელი, არამედ ერთი წელი და 7 თვე:

” კომისიაში შემოსული დოკუმენტების ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და რესპუბლიკელების მიერ. ამ დოკუმენტში ორჯერ ან სამჯერ იპოვით “ქართული ოცნების” წარმომადგენლის ნაღვაწს. დანარჩენი არის არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და რესპუბლიკური პარტიის მომზადებული. ”

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა შემდეგი მიზეზების გამო ვერ შეძლო:

“საკონსტიტუციო კომისიას დე ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც საკონსტიტუციო საკითხები გადადო გვერდზე,” – ამბობს უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილის თქმით, “რესპუბლიკური პარტია” ჯერ კიდევ 1993-1994 წლის საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას ამბობდა, რომ პრეზიდენტი პირდაპირი გზით არ უნდა აირჩეს:

“შესაძლოა, ბიძინამაც და სხვებმაც უკეთ იციან, როგორ უნდა შეინარჩუნონ აქციების და ქონების ფასი, მე ვიცი, როგორ უნდა შევინარჩუნო ჩემი სიტყვების ფასი,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშილის განაცხადებას, რომლის მიხედვითაც,  დავით უსუფაშვილს, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, 4 წლის განმავლობაში  არაფერი გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი