ახალი ამბები

ბურჭულაძე: სიცრუეა, თითქოს ივანიშვილს ფული მოვთხოვე და ჩემზე განაწყენდა

13 სექტემბერი, 2016 •
ბურჭულაძე: სიცრუეა, თითქოს ივანიშვილს ფული მოვთხოვე და ჩემზე განაწყენდა

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა 12 სექტემბერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მან ფული მოსთხოვა ყოფილ პრემიერს.

პაატა ბურჭულაძე ტელეკომპანია “იმედის”  გადაცემა “ღია ეთერში” გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის 12 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებებს.

“ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ადამიანი ერთობა ტელევიზიით. საქმე არ აქვს, ერთობა და ართობს მთელ საქართველოს. დღეს რაც მან ილაპარაკა, მოსაწონი არავინ არ იყო გარშემო. ყველა პარტია და ყველა პიროვნება გააკრიტიკა. არავინ არ ვარგა გარშემო, გარდა მაგ პიროვნებისა, ვინც თვითონ ბრძანდება. კი, ბატონო, ჯერ ერთი, გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მოვიდაო. ეს არის სიცრუე. აქამდე ვიცინოდი იმიტომ, რომ ანეკდოტად დადიოდა. გიგი უგულავას საათი ჩემთვის არასდროს არ უჩუქებია. უკვე სერიიოზულად ვლაპარაკობ. აქამადე სასაცილო იყო. დღეს როგორ დაიწყო ჩემზე საუბარი, რომ მე თანხა მოვთხოვე. ეს არის სიცრუე- ეს მეორე. მესამე- ამის მერე ისე განაწყენდა, რომ ჩემს იუბილეზე არ მოვიდა სამჯერ და სამი წელი, უფრო სწორად, არ ვუნახივარ. ეს არის სიცრუე. ამის მერე მაგან ზღვაზე თავისთან დამპატიჟა. მაგის ოჯახთან სადილი მქონდა. ეს ყველაფერი ოქტომბრის მერე იყო უკვე, სადაც გია ხუხაშვილი ესწრებოდა, თუ გინდათ, ბატონ გიას ჰკითხეთ”, -აცხადებს ბურჭულაძე.

“მე რომ ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ვარ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. მე რომ მიშა სააკაშვილს ვხვდები ძალიან ხშირად, სურათებს ვიღებ და ოდესაში დავფრინავ, ეს არის სიცრუე. 2 წლის უკან კონცერტი მქონდა მე, რომელიც იგეგმებოდა კიდევ სამი წლის წინათ და ერთი კვირის წინ დანიშნეს მიშა სააკაშვილი გუბერნატორად. მე რა უნდა მეთქვა, არ ჩამოვდივარ იმიტომ, რომ ეს არის გუბერნატორი? ჩავედი, მოვიდა კაცი ჩემთან და სურათი გადავიღეთ. ყველაფერი არის სიცრუე”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 12 სექტემბერს იმერეთში მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბურჭულაძემ გვერდში დგომის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხა მოსთხოვა, რაზეც ივანიშვილი განაწყენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი